ეს სურვილი მყოფნის


ბევრი არარა, სადმე მქონდეს ერთი ბუნაგი,
ერთი მტკაველი მიწა მქონდეს შავ ზღვის ნაპირთან...
არც დიდება და არც პატივი, ცხენი უნაგირ
დადებული მსურს გავაჭენო, ვზდიო ნახირთა

თვალუწვდენლობას, იალაღის ვიყო ხიზანი.
იმას რა სჯობს, რომ თავისუფლად იცხოვრებ კაცი.
და თუ არა გაქვს შენ ჩემფერი რამე მიზანი
ადექი, დინა, ადექი და ყოველი დაწვი.

დაწვი რაც ჩვენში დაწერილა, რაც თქმულა ოდენ.
სიცოცხლის მერე რა ძნელია, როდესაც ბურან
მოდებულ სიზმრებს ნაყალბევი მანევრით მოდენ
იმ ალაგს, სადაც უსულხორცო ღრუბლები დუმან.

დუმან და მაინც ამჩნევია ცას მათი ცრემლი.
და ჩვენშიც, დინა, სიმართლეა-წარსულის ყანა
გაუმარგლია ავ მომავალს. სხვას არას ველი,
ვჯერდები მცირედს, ასეთი ვარ, ჯერ ისევ ყრმა ვარ.

მე მყოფნის, დინა, ეს სურვილი-მქონდეს ბუნაგი,
ან ერთი გოჯა მიწა მქონდეს შავ ზღვის ნაპირთან,
ან ცხენი მყავდეს, ცხენი, ტყავში ნაწოლ უნაგირ
დადებული, რომ გავაჭენო მთაში ნახირთან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი