სანამ..


თუ შენში შიში მკვდრეთით აღსდგა, მაშინ კარშიკი
შეგბოჭავს გონს და ეს მარწუხი ლეშივით გათრევს
იქამდე, სანამ სიგიჟესთან შენი არშიყი
არ გამყარდება, მერე გაშლილს კაცურად მაგ მხრებს

მოგამტვრევს, მოგხრის, გიჩიავებს სხეულს და შიში
აგეკიდება, დაგჩემდება დევიზის მსგავსად,
გაშორდი შიშეთს, სანამ შიშში შიშველი იშვი,
სანამ საშველი და სიმშვიდე გექნება არსად.

დაძლიე იგი და სიკვდილში სიკვდილი დაგმე,
ერთი სიცოცხლე, ერთი ბრძოლა, ესაა ხვედრი,
რომელიც ერთხელ მოგვეცემა ამ წამს და აქვე,
ბეჩავი ადგილს სამკვიდროში დაიდებს ვერც კი.

დაძლიე შიში, ხველებიდან დღე გამოცარი,
სუნთქვა აკმიე დედამიწის ცისფერ მანტიას,
სანამ დაგებნა პლანეტების კრიალოსანი,
სანამ ღრუბლები დამწუხრებას მოუფანტია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი