პასუხი თოროს მეორე წერილს


ფუი ეშმაკს და დაღლილი ვარ შენებრ მერწმუნე,
ძილი არც მე მაქვს, არც კი მახსოვს დილა სისხამი
როგორ აფხიზლებს ადამიანს. ცადე, შეწურე
მტევნებით სისხლი გულში ძმაო. წვეთი მისხალი
არ შევარჩინოთ ჩვენი ქვეყნის მომხდურ–მოლაშქრეს,
რას გაგვიბედავს მხარდამხარ მბრძოლთ ვიღაც ტეტია?
ან რას გაიგებს რჯულშემცდარი მიწის მონა ჩვენს
აბობოქრებას? ჩვენი ძმობა უფრო მეტია,
ვიდრე სამყარო, ან სიკვდილის შიში. ულუფა,
შიმშილით სულის მილევამდე მისულთ მოგვტაცებს
გულს და გონებას? არასოდეს! გააზულუქა
თუმცა ბრბო მხეცად გარდაქმნამ, ჩვენ მაინც კომპასი
მივცეთ მათ, რადგან აზროვნება შევიძლეთ ღმერთით.
რაც გინდა ქენი, გამხმარი ხე ნაყოფს არ ისხამს,
მაგრამ დაცემა ჩვენი, ძმაო, შემცდარის ფერხთით
ღმერთმა ნუ ქნას და (არც მე ვწყევლი ვინმეს.) არისხას.
გმტრობს, მტერია და დამწუხრება შენი უხარის
მაგ ეშმაკს, ხო და შიცვალე, წმინდა, ელვარე
ჯვარი აღმართე, ღმერთს არ უნდა სახემწუხარი
მონა ყავდეს და ძმაო, მე გთხოვ, ნერწყვით შებღალე
ყველა ბოროტი, შენში მყოფი ყველა ფობია,
მოწყენილობა ჩვენს შინაგანს წვავს და ასუსტებს,
მეგობრობა სურს ქრისტეს შენთან, მისი მგმობია
ა, ეგ მოწყენა. მართლის სიტყვა, ვფიცავ, ნაჭუჭს ტეხს
კერკეტი კაკლის. ჩვენი ლექსი–აზრის პანტომი
სულგამოლეულ სიკვდილს კლავს რა, სიკვდილს არ უხმო,
ჩვენ გავიმარჯვებთ! ადექი და სიტყვით დატორე
ყველა ლაჩრული მიშვება და აზრი სამწუხრო.
ვინ პოეტები? ან რის ქება? ჩვენი მიზანი
ღმერთმა ხომ იცის თორნიკე და იცის რადგანაც,
გვაფრთხილებს კიდეც, ძმაო, ჩვენ, ხომ ქრისტე ვიცანით
წუთისოფელმა იმიტომაც ზიზღით დაგვგმანა.
ეჰა, გვაჩვენებს, გვწყევლის ხეპრე, პირმოთნე ძრწოლით
აშარი ყოფა. ფეხით ვთელოთ სათელი. რით ყვეს
მეფედ (სირცხვილი მათი!) ვიღაც საძერე მძორი?!
ხელს ხომ არ ვუშლით? ვისაც უნდა სიკვდილი, მიყვეს
იმ გზას, რომელიც მისი კარის ჩერდება ზღურბლთან,
ჩვენ ჩვენი ვიცით, არ შევარჩენთ რადგანაც მისხალს
ამ წუთისოფელს და შევძახებთ ბოლო ხმით–,, მძულხარ
ყოფის არტახო!" ხო, სხვაგვარი გვიდუღს რა სისხლი,
ფუი ეშმაკს და დავიღალეთ. უნდა მერწმუნო,
ძილი არც მე მაქვს, აღარც მახსოვს დილა სისხამი,
როგორ აფხიზლებს ადამიანს. ერთად შევწუროთ
მტევნებით სისხლი გულში. ამათ? წვეთი მისხალი
არ შევარჩინოთ, სითავხედის იცოდნენ ზღვარი,
ან რას დაგვაკლებს მხარდამხარ მბრძოლთ ვიღაც ტეტია?
მეც ვიცი, გტკივა სამშობლო და ამ ტკივილს ბღავი.
რაა სამყარო? ჩვენი ძმობა მასზე მეტია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი