ნაწყვეტი პოემიდან - „საუბარი დემონთან“


„მოდი უფალო, სული ჩემი არ დარჩეს ობლად,

მე ისტერიკა ამიტეხეს გვამებმა სოფლად.

დაგეშეს სუნთქვა განახშირი, გულს დასცეს რეტი,

მიზეზად ესეც უნდა მეყოს, სხვა რა ვთქვა მეტი?

უნარდაკარგულს ჩათვლემილი აზრები მჭამენ,

მდელოც დემონთა აყვავილენ, ანედლენ, ჭალენ,

ცოტაც და იქნებ მეც შევძახო ქვესკნელს „გნებდები“,

ცოტაც და სისხლის ასოებმა ავსონ გვერდები...

უფალო უკვე აატირეს ბორებმა გედი,

მიზეზად ესეც უნდა მეყოს, სხვა რა ვთქვა მეტი?

მიბნელდა გონი, ვერ ვწინავმძღვრობ სულის ნათესებს,

თითქმის ვგრძნობ, გველნი მას იმკიან სულში რაც თესეს,

უკვე უკუღმა დატრიალდა ცეცხლის ბორბალი,

გადაიბირეს მტვრის მონებმა გული მომბალი...

ვეღარ ვტვირთულობ, რაც განგებით მიბოძე ხვედრი,

მიზეზად ესეც უნდა მეყოს, სხვა რა ვთქვა მეტი?

ძნელ შემონთებას ვეღარ ვუძლებ, ვეღარც ვძლევ დაღლას,

ცოტაც და სული დაბეკნილი მტარვალმა დახნას.

მინდა სიკვდილი მას როს ვხვდები, მაგრამ ვერ ვკვდები,

ჯერ კიდევ ვუძლებ ღმერთო და შენს კალთას ვეკვრები...

მაგრამ როდემდე? დაასრულე გთხოვ ეს კამათი,

თორე მაგიჟებს, მანგრევს, მტანჯავს ფიქრი ნამატი.

ცოტაც და ცხედრად შევიხვიო, ვიწამო ბედი!

მიზეზად ესეც უნდა მეყოს, სხვა რა ვთქვა მეტი?

შესაბრალისი გვამი ვარ და მომეც წყალობა,

მომეც სიმშვიდე, თავმდაბლობა და ნუ წვალობა

იქნება მდევი სულისა და ხორცის უგონოს,

ნუ მიმცემ ეშმაკს, რათა სულმა მას არ უმონოს.

ოთხივე კუთხივ მივისწრაფი, ვით პირამიდა,

თუნდ ეს სამყარო მოვიპოვო, რა ჭირად მინდა?!

ვიფიფქე თოვლად, ვინაცარე, მტვერად ავდექი,

შენსკენ მოსწრაფე, ისევ შენგან ბრიყვი გავდექი.

ვიპირმახვილე, ვისაწამლე, ვისარეველე,

ბოროტ ბალახთა ამოხეთქვის ვიყავ მეველე...

უფალო, გთხოვ მათ მაცილო, ვინც გიგმირეს ფერდი,

მიზეზად ესეც უნდა მეყოს, სხვა რა ვთქვა მეტი?

უკუნი წვება ჩემს ირგვლივ და აწ სული მტკივა,

ცოტაც და ჩემი განჩინება ქვესკნელად მივა,

ცოტაც და უძლურს მეამბორონ ცინვის გნომები,

მემეფონ, გონიერს უგონო მეფე ლომები...

დამღალა მიწის სიამაყემ, მეც ვარ მისეთი,

მებრძვის, მაძაგებს, მბოჭავს ღმერთო, მთელი მიწეთი.

ცრუ სანთელი ვარ, თაფლის ცვარი, უფერო ღვენთი,

მიზეზად ესეც უნდა მეყოს, სხვა რა ვთქვა მეტი?

მოდი და გთხოვ, რომ შეაჩერო განგაში ხმათა,

ჩამიკლა ბილწი ნაჭორალი მრუშ გულისთქმათა.“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი