მე შენ გამართლებ სიკვდილო


როგორ მომბეზრდა, გაიზიზღა აზრმა ყოველი,
მოსვარა სახლი, ეზო, ქუჩა მტვერ-წყლის ტალახმა,
მე ამ წვალების ბოლო წადილს, სიკვდილს მოველი,
მაგრამ სიკვდილიც არ ყოფილა მოსვლის თანახმა.
ხო და დავდივარ, მომაშია გულმა სიყმილი,
დამტოვა ცრემლმაც, არ ასველებს, რადგან წამწამებს,
მინდა მოვიდეს, მაგრამ არ ჩანს არსად სიკვდილი,
არ ჩანს და სული, სხეულს სუნთქვით ისევ აწამებს.
ძნელია ჩემთვის, ამდენ ტკივილს ვეძლიო მტვერი,
ძნელია, რადგან უდაბნოებს ხალხი ეჩვია,
არ მყვება ხმაში, დამიდუმა ღალატმა ერი,
ერი, რომელიც მართალ ბრძოლას გადაეჩვია.
და მეც მბეზრდება, მირჩევნია წავიდე ამგვარ
ბიჯებას, მაგრამ უსასრულოდ გავიქცე რაფერ?
მე, შენ გამართლებ სიკვდილო, რომ ისევე აქ ვარ
და, თუ მე ჩემი სიმართლიდან სულ მცირედს ვაფენ,
მოავლენს სხვასაც, სხვა მცირედის დამფენს განგება,
მანამ კი სვლებით დაღლილ მუხლებს დავაყრდნობ სხეულს,
ასე ღალატი სიგიჟისგან დაიგრაგნება,
გრაგნილს კი მივცემ საცეცხლეთის სამყოფელს წყეულს.
როგორ მომბეზრდა, ჩამოფინა სიცრუემ ნისლი,
მოსვარა სახლი, ეზო, ქუჩა მტვერ-წყლის ტალახმა,
მორჩა, დღეიდან დანებების მარწუხებს ვიცლი,
გესმის სიკვდილო? აღარც მე ვარ წასვლის თანახმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი