ჩემი ფსევდონიმი
ასე უმეცარი რამ გაზარდა დრო, რომ უღმერთობა უსაღია?! მისი სახელია არამზადა, ჩემი ფსევდონიმი ტუსაღია. მასში დაეჭვების სიმუხთლე და ხსოვნა შემოჭმული განგრენაა, იგი ოცნებებით იმუხტება, ჩემში ამ ოცნების დანგრევაა. მზეც კი გათიშა და არ ათენა და მეც იძულებით სივრცით ვიარ, მისი სახელია ანათემა, ჩემი ფსევდონიმი სირცხვილია. მან ზნეს გაძაღლება მიასია, კეტი ამორძალი უღერია, მისი მეტსახელი დიაცია, ჩემი ფსევდონიმი უღელია. ისარს სიახლეში გაჩრის ლარი, სიტყვა ნაყალბევი ტირაჟია, მისი ნათებაა ნაჩრდილარი, ჩემი სამყარო კი მირაჟია. მასში ადვილია დღის ჭრელება, თუ კი სისხლგამშრალი მორკინდები, მისი სახელია მიშტერება, ჩემი ფსევდონიმი ბორკილები. მისი შედეგია გაციება, მერე დრო შენია, მართე ომი, მისთვის ალიბია ჩაძიება, ჩემთვის ნუგეშია პანთეონი და ის რაც მის მიღმა ამოთენდა, ის, რაც უშურველთა არაკია... ვიცი უჩემობას გამოფენდა, მაგრამ უჩემობა არ აკლია. ასე უმეცარი რამ გაზარდა დრო, რომ უღმერთობა უსაღია?! მისი სახელია არამზადა, ჩემი ფსევდონიმი ტუსაღია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი