ლევკემია


ვერ მშველის, დედიკო, ვერ მშველის მაგ ხელით მოწვდილი აბები,
ტკივილი მარწუხად მექცა და სხეულში ნემსებით კირკიტებს,
ვიცი, რომ მოვკვდები, და, თუ კი, აქამდე სიკვდილს არ დავნებდი,
ეს მხოლოდ იმიტომ, მინდოდა მენახა ტყე, როგორ იკვირტებს.

მინდოდა მენახა, თუ როგორ იღვიძებს ხელახლა სამყარო,
თუ, როგორ იშლება მინდორში ყვავილთა ნარნარი კაბები,
კი, მინდა სიცოცხლე, დედიკო, მეც არ მსურს ფარხმალი დავყარო,
ნეტავი მშველიდეს ეგ შენი ცრემლები და მწარე აბები...

ვნახავდი თებერვალს მარტისგან დაჩაგრულს, ვნახავდი ფეთქებას
სიცოცხლის, რომელიც დღეს ასე ძვირფასი და დიდი განძია,
გავნაგრძობ დღე და ღამ, გავნაგრძობ ღვთისადმი გულმხურვალ ვედრებას,
მჭირდება უფალი, თორემ ამ ტკივილმა უკვე მკვდრად მაქცია.

აქამდე ზამთარიც თავისი სითეთრის ხატებით მხიბლავდა,
ახლა ეს სითეთრე სისხლში მაქვს, ვაიმე, მაგ ცუდმა რა მიყო?!
იცოდა ზამთარმა, იცოდა, თუ როგორ ძლიერად მიყვარდა,
მუდმივად მისახლდა სხეულში სითეთრით ის ალბათ ამიტომ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი