ტკივილით


სხვა რა დავწერო? ირონია, ყველგან სატირა,
ხელ და თვალს შუა მეკარგება რადგან სამშობლო,
ვხვდები, თაობა არ ვარგოდა ჩვენში არც წინა
და არც მომდევნო ივარგებს, თუ ჩემი სამსჭვალი

ბოლომდე ტკივილს არ ვაკმარე. ხიბლის ხაზინა
დაცარიელდა, არც შველაა ახლოს საკმარი,
,,ღმერთი მოკვდაო!"– მეუბნება, ისე დამზრზინა
ტანში, რომ ყველა უკმარობა სულის ჩავკალი

ერთ ამოხვნეშილ ოხვრაში და ჩრდილში ეპოქის
ვიწვი რა, მთელი იმპერიის ამბოხი ხდება
ჩემი სურვილი.მარტო დავრჩი? მარტოც ვეყოფი
ამ მარაზმს. ან თუ ვინმე ზეცის ქიმიდან ხტება,

აქ რა თავშია ღვთაებრივი წასვლა–დეიზმი?
უცოდინარის სტატუსია–ღმრთის მოკვდინება...
თუ შენ ხარ ღმერთი, მაშ სამყარო მხრებზე შეისვი
და გამოიხსენ, მაგრამ თავიც კი მოგწყინდება

სულ საშველი რა, ერთ ნაბიჯსაც საშენოს არ დგამ.
ხელ და თვალს შუა მეკარგება რადგან სამშობლო,
ვხვდები, თაობა მოწინავე, ჩვენგანვე განდგა,
ისევ ჩვენ უნდა მოვიხდინოთ ტანჯვის სამსჭვალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი