მაქვს უთქვენოდ ყოფნის მიზეზი


ალბათ თქვენს თვალებს წამწამები უნდათ ცბიერი,
ალბათ თქვენს ყურებს კვლავ ცბიერი უნდათ საყურე,
ძვირფასო, ჩემში უდაბნოა უკაცრიელი
და ჩემი ზეცა დიდი ხნის წინ ღრუბლით დახურეს,

ჰო და მას შემდეგ გული სევდას სრულად მივეცი.
ისე მძაფრია თქვენს თვალებში თხოვნის მაგია,
რომ პასუხია თქვენს კითხვაზე უმარტივესი,
მაგრამ, ძვირფასო, ჩემში სიტყვაც დასაძრახია.

მზე გამიცივდა, მთვარეც მკრთალი სახით დამყურებს,
ვერ ვარ ცოცხალი, აღარც კაცის შემრჩა იერი,
მე თქვენ ვერასდროს ვერ გიყიდით ისეთ საყურეს,
რომ წამწამები მოგიხდინოთ თვალზე ცბიერი,

მე ვერასოდეს წამოვდგები ისე დავეცი,
ყველა მომდევნო სუნთქვა ფილტვებს უფრო მატკიებს,
ხართ მზეზე ცხელი და მთის თოვლზე უსპეტაკესი
და თქვენს დაკარგვას ისევ თავი არ მაპატიებს.

ახლა თქვენს თვალებს უნდათ ალბათ ღრუბელს გამგვანოთ,
თქვენსკენ მოიწევს მთელი არსით ჩემი გზირებაც,
მაგრამ ჩემს შიგნით არეული გდია სამყარო
და ამ სამყაროს ჩემი არსი შეეწირება.

ისევ მძაფრია თქვენს თვალებში თხოვნის მაგია
და პასუხია თქვენს კითხვაზე უმარტივესი,
ჩემში ყოველი მოქმედება დასაძრახია,
გთხოვთ მომიტევოთ, მაქვს უთქვენოდ ყოფნის მიზეზი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი