თ–ს
რადგანაც ყველაზე ღარიბი ღმერთი მყავს და რადგან ამ ღმერთის თვალებით გიპოვე, რადგანაც სამყარო ღმერთივით მეც მიყვარს და რადგან სამყარო შენა ხარ თვითონვე, სხვა რამეს არ გეტყვი და რაც მსურს, რომ გითხრა, ეს არის უბრალოდ სიტყვების სასრული აზრებში, რომლებიც იმ წამსვე მომიკვდნენ, რა წამსაც შენში და საშენოდ აღსრულდნენ. მარტივად ვცხოვრობ და მარტივად დავდივარ, მარტივად გისმენ და მარტივად გიყურებ, არ ვგავარ არც ყალბს და არც ბრძენს და არც მდიდარს, არ ვებრძვი კაცს, ვებრძვი ბრმა წესს და სიყრუეს. და რაშიც ვერ ვგუობ ცხოვრების მარათონს, ეს არის მონური ხედვა და განცხრომა, შენ იცი ნერვები რისთვისაც მღალატობს, შენ ხვდები როდის რა წესის მაქვს განწყობა. მე შენში რაც მომწონს, უბრალო წესია და შენში რაც მიყვარს, ეს არის ტკივილი, რომელიც ტყუპივით შენიდან ჩემშია მუდამ და ჩემიდა შენშია წყვილივით. და რადგან ყველაზე ღარიბი ღმერთი გვყავს, ყველაზე უბრალო, ახლო და ერთგული, ამიტომ ღმერთივით ერთურთი ჩვენც გვიყვარს და ორი ერთ მიზანს ერთგულად შევყურეთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი