ნიში


აბსოლუტური მისტერია შემრჩა, რამეთუ
ღამე, უკუნის მასპინძელი, თრგუნავს დარაჯად
დამდგარ გონებას, რომლის ძალით ისევ გავერთე
ისტერიული პანაშვიდის შავი ფანჯარით

და დავინახე უსუფთაო დაფის სარკმელი,
რომელშიც ისმის მზეჩამქრალი, მუნჯი ოსანა.
სივრცე გასასვლელ კარებს მოგავს, ალბათ საკმევლით
მიღმი დღეები საკუთარ თავს პირველს მოსავენ

და მერე ჩემფერ უსაქმურებს ნისლით კემსავენ,
რომ სისრულეში დავიჭიროთ ბადით თართი და
შეუპოვარი სიღარიბე სულის მესამე
პირით ღმრთეების განვინათლოთ. გამიმარტივდა

სიშორე სივრცეთ შორისი. ხო, როგორც მისტრალი
შევუღონდები დროის იქით სევდის აფექტებს,
არც ის უდაბნო მომაშიებს, სადაც მზით მკვდარი
ოაზისების ატმოსფერო უნდა აფეთქდეს

შეუმოსავი სინანულით. მესმის, რამეთუ
ღამე, უკუნის მასპინძელი, ცას შლის უფსკრულებრ,
სხვა განცდა მჭირავს უგონებოს და მეც რამე რთულს
და უსასრულოს ვეძებ და მის სიღრმეს ვუყურებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი