უნდა მოვასწრო


უნდა მოვასწრო, ყველაფრის თქმა უნდა მოვასწრო.
უნდა - ეს სიტყვა ქარაგმაა უფრო აბსტრაქტულ
სინონიმის და ეს მოსწრებაც შემომზღუდავს, რომ
უფრო თამამი ვიყო, ანუ ვიყო პასპარტუ.

და რაც დაარქვეს იმ საცოდავს, ან იმ მანკიერს,
პიზას კოშკიდან დანახული მეწვის მყოფობა,
ანუ გადახრილ სურვილისგან თავი გავწიე
და ავიცდინე ფსიქიკური ავადმყოფობა.

ბევრი რა მეთქმის, თუკი, ვიტყვი, ვიტყვი აბსურდულ
აზრის პირისპირ მეამბოხის ფართო მანიფესტს,
კაცობრიობა გაცივდაო, ჰოდა აქვს სურდო,
გული კი, ცივი, მზით მოხმობილ თოკზე გაფინეს,

რომ გალღვეს, მაგრამ რა გაალღობს, ან რა უშველის
ასეთ მარაზმში გადაჩეხილ გულის პირატებს,
რახან ადამი დადიოდა ედემს შიშველი,
სხვაში არა და სიშიშვლეში გადაყირავდეს

უნდა სურვილი, თორემ ლეშის მსგავსი საწყისი
ყველა მისებრი თვისებიდან ჩვენშიც ანთია.
ტკბილი ცხოვრება, ანუ ყოფნა მწიფე მარწყვისებრ
უსათაურო მოაზროვნის ტვინის ხარკია.

ვსრულდები ვგრძნობ და ყველაფრის თქმა უნდა მოვასწრო,
ბევრი ვერ ხვდება რასაც ვამბობ, თუ არ გავშიფრე,
ვერც მიხვდებიან. სისტემაში მთრგუნავს მონა წრე,
ვერ მიხერხდება ამიტომაც მათთან კავშირი.

უკუმდინარი აჩემების მწიფე მარშია,
სახანო თავის ხანიანად დგას და გვიღიმის,
და მე ვკითხულობ -,,მეგობარო, საქმე რაშია? "
შენ კი, მპასუხობთ - უცაბედად მოგვდგა სიკვდილი.

ჰოდა მოვასწრო, ყველაფრის თქმა უნდა მოვასწრო,
არცერთი წამი დუმილისთვის არ ღირს რამეთუ.
უნდა- ეს სიტყვა მომაგონებს მე იმ მონასტერს,
სადაც სიცოცხლე დასრულდება მზის ქვეშ, ღამემდე

და დახურული ზეცის კარი, როგორც მარხული,
გახსნილდება და აივსება ღმერთით თვალები,
ასე, ამგვარად, მზის ქვეშეთი უნდა დავხურო
და მზის ზესკნელზე მოვიხურო უნდა კარები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი