სული მოვქსოვე შენით


გიგზავნი სურათს და სურნელს ვატან
ჩემი ხელების, შენს თმებს, რომ ზელდნენ.
ჩვენს სახლს უფერულ დუმილში ვხატავ,
რომლის მდგმურიც ვარ , ძვირფასო, დღემდე.

გიგზავნი სისხლით დაწერილ ლექსებს,
სისხამი დილის საღრუბლე ფურცლით.
შენს ჩანაცვლებას ვერავინ შეძლებს,
შენს დაბრუნებას მდუმარე ვუცდი.

გიგზავნი კოცნად შეკერილ კოცონს,
რომელიც ცეცხლად აკინძა შენმა
სიცილმა. სიცილს სიკვდილი მოძოვს,
შენს მიტოვებულ გულში, რომ შევა.

მე, სული ჩემი მოვქსოვე შენით
და ლურჯი ზეცის სისავსეს ვანდე.
შენს დაბრუნებას სიცოცხლე შვენის
და მინდა სიკვდილს ყოველღამ ვკლავდე,

რომ დაბრუნებულს გიკითხო ლექსი
და ლურჯი სხივი ჩაგაწნა, მავნევ.
მე, რიჟრაჟივით ვიშვები შენში
და ღამესავით, მაგ დუმილს დავლევ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი