აღარ ნათდება, თუ ინათებს, მაშ მე დავბნელდი ..


აღარ ნათდება, თუ ინათებს, მაშ მე დავბნელდი,
და თუ სიტყვებმაც დაიყრუეს სიტყვათ ერთობა,
ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის ვარ თანამდები
და თანანადებს მივუტევო უნდა შეტოპვა

ყველა ცოდვაში, ყველა შლამში და თუმც არ ვიცი,
თუ რას განვიცდი, ანდაც განცდა რაა ამჯერად,
მაინც შევძელ და უსაშველოს გადავაცრიცე
ყველა საშველი, ყველა სიტყვის გადასარჩენად.

ამბობენ სიტყვა უსიტყვოდაც ესმის გამგონსო,
მე კი, გეტყვი, რომ თვით სიტყვასაც ესმის ნათქვამი,
და თუ ვერ ხვდები, თუ სიტყვაში რაა საფოსტე
ყუთის მსგავსი და საშიკრიკე მტრედის მაგვარი,

აგიხსნი - სიტყვა სინდისია და ეს სინდისი
ყველაზე უფრო სარწმუნოა კაცის შიგნიდან
რაც გარეგანობს და მე სიტყვა, როგორც სიმდიდრე,
მოვიზომე და სიტყვაც სიტყვით გამიშიკრიკდა.

და ამ სიტყვით და ამ სინდისით ვამბობ ამჯერად,
აღარ ნათდება, თუ ინათებს, მაშ მე დავბნელდი,
და თუ დავბნელდი სინათლისგან რაღა დარჩება?
რით მივუტევებ თანანადებს თანანადები?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი