გბარდები
შენ, გქვია ევა... გოლიათებმა ზეცას დახსნეს ცისკრის ფარდები. დღე მოიფონა სილაჟვარდის მომსხვილო მტევან- მარცვლებით. ვდგავარ ქაოსში და უხმოდ გბარდები. ვმარცხდები. ომის მოქიშპეა გრძნობათა აბრა. კრიახი მთების მოუღრუბლავს მარცვლებს და ცივა. ცოტაც და ისევ გადალეკავს სამყაროს წარღვნა და აღსრულდება „შურისგების“ დიადი წირვა. მე, მქვია ადამ... მომღალა სევდამ,საიქიოს ვგავარ და მიღმა გავდივარ, როგორც მეამბოხე წყვდიადის სიღრმე. თუ გმირი ვიყავ, თუ მშველელი, აღარ ვარ, აღარ... გოლიათებთან ვდგავარ. ადრე, თუ მერქვა სიყრმე, ახლა მომღამა გოლიათთა თვალებში ღალვამ. სიცივე მტეხავს შუაღამის სიზმრებით მოსილს, მთვლემარე განცდის სიმაღლეზე თავს ხეთქავს წნევა. ჩემი ძვალი ხარ, ჩემი სისხლი, სული და ხორცი, ჩემი სუნთქვა ხარ მარადისი... შენ, გქვია ევა. სულს მივცემ უხმოდ, თუ დამჭირდა შენამდე მოსვლა, მე შენში მთელი მომავალის სიცხადეს ვხატავ, ვარ ძვალი შენი, სისხლი შენი, სული და ხორცი, სუნთქვა ვარ შენი მარადისი... მე, მქვია ადამ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი