გადადენა ქარმა მზე და მიწყნარდა


ნაწნავივით ჩაახვია ქარმა ნისლი
მთებს და ტყეებს თავზე გადაატარა
როცა, ნისლში ნესტიანი დილა იშვა,
უნებური შემოსუნთქვით ნეტარი.

ციდან სხივთა დახშირული ფოთოლცვენა
დაეხარა ცის ცივ თაღებს ნუგეშად,
ქარი ქროდა, ქროდა ქარი, როგორც სენი,
ქარი ცოტა მოკუშტო და უხეში.

მზემ გამოდო სილურჯეებს ხელკავი და
მაჯის ნაცვალს დაუცდინა მდინარე,
მერე მთელი სიმწვანეთი შეყვავილდა,
მანამდელში მთვლემარე და მძინარი.

ააგორა მთებით ქარმა მწვერვალებთან
მზე და ბინად სეტყვისფერი ანთებით
მოკუნტული საღრუბლეთი შეაფეთა,
თავის ელეთ-მელეთით და ფაქტებით.

მზე დაუყვა დასავლეთით მწიფე ხედებს,
ეძებს ქარი მის კვალსა და ძაღლდება,
სულ ცოტაც და მზეს წყვდიადში შეახედებს,
შეახედებს მზეს კუშტი და თავხედი.

დასავლეთით ვარდისფერი ქალბატონი
მოირთო და სივრცეს შეამიწავდა
და დასრულდა სტიქიური მარათონი,
გადადენა ქარმა მზე და მიწყნარდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი