ერთმანეთით


ჩვენ ვივსებოდით ერთმანეთით ერთურთის მერეც
და ერთურთისგან მას ვიღებდით, რაც გვქონდა ერთი,
გავცქერდით ხშირად უმიზეზოდ გაცრეცილ სერებს,
მივაბიჯებდით ერთმანეთის გულების ფეთქვით.
მკრთალი ნათელი კიაფობდა ბილიკის მიღმა,
მიღმა, რადგანაც მივდიოდით ბილიკზე ღმერთით
და უღმერთობა უბილიკო დასასრულს მიყვა
დასასრულამდე და სასრულის დასრულდა ფერხთით.
შემოგვიღამა არც არავინ, ერთურთის გამო
ღმერთი სხვა ბილიკს გავაყოლეთ და დავჩით მწირად,
ახლა თენებას ერთმანეთის თვალებში ვლამობთ,
უფლის მოლოდინს უკანასკნელ ჩასუნთქვას ვწირავთ,
ვწირავთ, რადგანაც შენ იწამე, მეც გეთანხმები,
რომ უმიზეზო კამათისთვის არ შეგვრჩეს ღონე
და გვჯერა იმის, რომ გვიპოვნის ღმერთის თვალები
და ანგელოსნი ერთმანეთის თხოვნითვე მოვლენ,
რომ წარგვიტაცონ იმ ბილიკზე, ვიდოდით სადაც
და ერთმანეთით ვივსებოდით ჩვენში და ჩვენით,
რომ სულ უბრალო სხეულები გვაცვია სადად
და არ შევცქერით ბრალიანებს აროდეს წყენით,
რადგან არა გვაქვს სურვილიც კი, იმაზე ჭარბი,
რაც მოგვცეს ოდეს, ვიმედოვნებთ ესეც მეტია,
ერთმანეთიდან ერთადერთი იმედიც გარბის
იმ იმედით, რომ სადაც მივა იქაც ღმერთია.

გიორგი თუშიშვილი
ირაკლი დეისაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი