დახუჭე თვალი- ღრმა ბურუსი ..
დახუჭე თვალი- ღრმა ბურუსი, სფინქსი და დელტა ნაპირი, სადაც ამარცხებენ მთვლემარე ნილოსს, იქნება მშვიდი სასთუმალი, ძვირფასო, შენდა, არ შეუშინდე არვითარ გრძნობადს და ხილვადს, რადგანაც მე ვარ შემოქმედი შენმიერ სიზმრის და შენთვის ვრანდავ უკუნითის ქურუმთა მადანს, არ მიჭირს ხარჯვა უმიზეზოდ ეპოსში მიზნის, სწორედ ამიტომ სიზმრის ნიმფა შენს სხეულს მატანს იქ, სადაც ჩვენი მზე ამოდის და ხვდება ამურს, იქ, სადაც სუსხი ეხლართება სხივებს და კვდება, გიყვები ახლაც ლეგენდას და სიშიშვლეს ღამურს ჩრდილოეთს ვატან, სადაც ჩვენი რიჟრაჟი დგება. არ შეუშინდე ღამის მსტოვარს, მთრთოლვარე ხელით, თუ მოგეახლა, ჩემმიერი სიღრმეა მასში, მე, შენი გული, ცეცხლივით, ან მზესავით ცხელი, მსურს გავახვიო დედამიწის ღრუბლიან გარსში და სიზმარს მივცე, ან ოცნებას სიცოცხლის სტელა, წარწერით- მშვიდი სასთუმალი... გარიჟრაჟს ხატავს მზე. სულ ცოტაც და სინათლეში სამყარო შევა, რადგანაც ნიმფა ღრმა გრძნობადში შენს სხეულს მატანს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი