ზაფხული გავიდა ..
ზაფხული გავიდა შენს სიმშვიდეში არის რაღაც ყალბი, ზედმეტი /ან, შეიძლება, მე მეჩვენება/, ჩამოვახიე დღეს აგვისტოს ოცდათერთმეტი, როგორც ფურცელი საბოლოო ჩემს მოთმინებას... ცას სნეულივით ღრუბლის მაღალ ბალიშზე ვაწვენ /ახლა კარგა ხანს ასე იქნება/ და ვაკვირდები ქარის შეშლილ, დაკაწრულ ღაწვებს, როგორც საკუთარ აღმოჩენას და განცვიფრებას. როგორ მახარებს, რომ შორსა ხარ... და არ გახსოვარ! /დღე ხვალინდელი უმზეოდ და უხმოდ მიწყდება/ და მე გიბრუნებ ზაფხულს, როგორც წიგნებს ნათხოვარს, ფოთლებს, რომლებიც ხეს დასცვივდა და... დავიწყებას. 1966
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი