გვრინი


დალი ცაავას ხსოვნას

მშვიდი ტაროსი. ქარი უვნებო
და ძილისმგვრელი შუადღის რინდი...
წყალმა იცის და არ გეუბნება
ბეწვის როდისღა წაიღო ხიდი...
წიოკობს კრუხი, ბატის აღალი,
თავაღერილი, ღელისკენ მიდის...
ვის დარჩა შენი ჭერხო მაღალი
და მზის ნაჭვრეტი სარკმელი დიდი?
შენი ეზოდან გიღრენს მყეფარი!
შრიალებს ცაცხვი — შენი დარგული!
თუ გინდა მიწას ამოეფარე,
უცხო, უმწეო და გულნაკლული...
ნეტავ ამაღამ დაგაძინებდნენ
და ნაღველს აღარ გაგიძაღლებდნენ
ღობეს აკრული ლოკოკინები —
სინათლით სავსე თეთრი სახლები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი