წელიწადის დრონი


/ბასილი დიდისაგან
შთაგონებული განწყობანი/

ვიდრე მოვა იასამანი
და დილის ნიავს შემოჰყვება მახარობელი,
მტრედისფერ ნისლებს
ნაწვიმარზე ადიდებულ ბალახების
სურნელი ასდის...
ჯერ ნექტარს ასმევს თბილი ქარი
აჟრჟუნებულ, ტანშიშველ ტყეებს,
მერმე შეჰბედავს მიფერებას, მისაყვარლებას...
დის ტკბილი ბანგი გაზაფხულისა,
მათრობელა, უხინჯო და
გულუბრყვილო მოლოდინით გაჯერებული...
მოდის აპრილი,
ფრთხილად, ფოფინით
შეუწვება საბანქვეშ ზამთარს
და სანაყოფე კვირტს გამონასკვავს...
გაზაფულის ნაყოფი კი
ყვავილია,
ყვავილი და
მხოლოდ ყვავილი...

გიჟმაჟი ჟამი —
მოჩუხჩუხე, თავაღერილი,
უღრუბლო და
ვარსკვლავებით მოკირწყლულ გზებზე
ულაგამო, ურა ტაიჭს თავმიცემული...
ჩირაღდნები ციცნათელების,
ჭრიჭინების სერენადები,
სარკმელიც და სამერცხულიც ყურთამდე ღია
და ქარშოშინს ამოყოლილი,
მწიფე ყანებში თავჩახრილი
ყაყაჩოს სუნი...
ფხაალესილებს
შეჰკიდებენ კაცები ცელებს
მაღალ-მაღალი ქლიავების ტოტთშესაყარზე —
ემანდ მორბედი
ან დედაკაცი არ დამარცხდესო
და სავახშმოდ ხელს დაიბანენ...
ვაი, ყანას შეყუჟული
მწყრის ჩოჩრების და
ჩამთბარ ბუდეში ჩარჩენილი
ჭორფლიანი კვერცხების ბრალი —
ფეხდაფეხ მისდევს
მკაში შესულ პატრონს მწევარი...
იმკის ზაფხული,
ნაყოფს იმკის ხელხვავიანი!
ნაყოფი მისი თაველია,
სავსე თაველი...

ბაღის კიდეში,
დამსკდარ ნაჭიდან ამომხტარი,
კაკალი ყრია,
გატეხავ და... ჯერ ნედლია,
ისევ რძიანი...
რამდენიმე კვირაც და ბაღებს
უკვე კარგა შეყვითლებული
კომშები თუ გაანათებენ...
დღეს-ხვალ კი
წყლიან ღორქლიავას,
ლურჯ ღოღნაშოებს,
ჩაყურჭებულ ჭანჭურებსაც ჩამოკრეფავენ...
ზოგს გაჩირავენ,
ზოგსაც დიდხანს ათუხთუხებენ,
მერე საჩირეს
და სატყლაპედ დამდგარ ჰარისას
გრძელ-გრძელ ლასტებზე გაფენენ და
მზეს მიუშვერენ...
სათესლე კვახებს,
ღობის ძირებში
არხეინად დაგორებულებს,
სულ ცოტას კიდევ დააცდიან
და როგორც კი პირველი ცივი ქარი დაბერავს,
როგორც კი მარნის გრილი კედლები
მაჭრის ნაჩქეფით გაიჟღინთება,
მაგ ბღენძებსაც მიაკითხავენ...
სევდის მდინარე
ჩამოღვენთილ ფოთოლს უკვე
იმდენს მიარწევს,
ვაშლის კრეფის ჟამიც დამდგარა!
შემოდგომის შემოძენძილ,
შემხმარ კალთასაც
ჩამტკბარი ვაშლის სურნელი ასდის —
ჩვენი გამზრდელი დიდედების უბის სურნელი...
შემოდგომის თავი ნაყოფი
ვაშლია, ვაშლი...

ზამთარია.
უქმი ზამთარი!
გამოღალული ისვენებს მიწა,
გულის ძილით სძინავს ბუნებას!
ქათქათა თოვლზე ჩამოღვრილი
ბინდიც, სიჩუმეც
მსუსხავია და შიშისმგვრელი...
აღმოსავლეთით, არ მეჩვენება,
კვლავ კაშკაშებს ცაზე ვარსკვლავი —
დიდი შვების მაუწყებელი
და სოფლის თავში მდგარი სახლისკენ
გარბის ქალი
მელოგინე ქალის საშველად...
ჩვილის სურნელი
ასდის ზამთარს,
ხოლო ნაყოფი —
ზამთრის ნაყოფი
„სიტყვაБ არს“,
მხოლოდ სიტყვა —
ხორცშესხმული,
მადლით სავსე და ჭეშმარიტი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი