აიდე


ნახვამდის, არ მინდა ეგ მრუში ამბორი,
სული გდევს სნეული, ლამაზო აიდე,
გვირაბში ინათა, ეხლაა სამგორი,
აქ უნდა დავშორდეთ, აქ უნდა ჩავიდე.
აქ უნდა ჩავიდე, პოეტი ვიღაცა,
წამიც და მე შენთვის წარსული ვიქნები;
და ოდეს ორგიით ტანს გადაიქანცავ
იქნებდა მოგძალდეს უბიწო ფიქრები.
იხსენო ეს ღამე, ლოთური დუქანი,
მაცდური კარტები და ბოშა მკითხავი,
დამთვრალი ჰანგებით ჩავლილი უბანი,
და ისაც, ტკბობაზე არა რად გითხარი.
საზარად ჩაგწივლებს ოდესმე წარსული,
სიბერით შერიყულს დამტვერილ ბინაზე,
და ეხლა, შენ, სიძვის ლამაზი ასული,
ფრთებს დაყრი აიდე მადონას წინაშე.
დაგხვდება სამყარო ფერებით სნეულით,
იმზევებს მზეები რაც შენთვის ბნელია,
რომ გერქვას ქალი და მარტოდენ სხეულით,
წყევლაა აიდე! ჯვარცმაზე ძნელია!...
ეხლა კი მშვიდობით, უკვეა სამგორი,
აქ უნდა დაგტოვო, მე უნდა ჩავიდე,
სულგაყინულია ეგ თბილი ამბორი,
რომ მატან ტკივილად ლამაზო აიდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი