შენა და ღამე ბეთანიისა
გეტყვი მშვიდობით, მერე დაგტოვებ, ოღონდ სურნელი შეგრჩეთ იისა, ოღონდ ავსებდეთ ჩემს სიმარტოვეს - შენა და ღამე ბეთანიისა. გეტყვი, წუთები შენით ნაფერნი, როცა აშვებულ რაშებად ჰქრიან, რა გვიანაა სუყველაფერი, და არაფერი არაა გვიან. გეტყვი საუფლოს ღრმა დარბაზებში ხატად მოვძებნი შენს ძვირფას სახეს, სისხლისფერ ვარდებს დავყრი ბაღებში და ლექსებს - შენი თითებით ნახებს... გეტყვი ნუ მოხვალ! მაგრამ რისათვის?! უკვდავ მოლოდინს მაინც გპირდები, და იმ ლამაზი წყენებისათვის ხელში ბავშვივით აგიტირდები. გეტყვი, დემონურ წარსულს მათოვებს - ნამი - უშენოდ მორცხვი იისა... ნუ მიმატოვებთ! ნუ მიმატოვებთ! - შენა და მწუხრი ბეთანიისა. გეტყვი, შვებაა შენს ხელში კვდომა, და რომ, შენს შხამსაც ტკბილი აქვს გემო, ღმერთმა შეგინდოს ცოდვა - შეცდომა, მოურჩენელო ტკივილო ჩემო. გეტყვი, დამთავრდა! ეხლა მშვიდობით, ოღონდ სურნელი შეგრჩეთ იისა, ოღონდ ნუ მომკლავთ უამინდობით, შენა და ღამე ბეთანიისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი