ღოლოიანში თათრის ასული


ყარა ცხენები ჯირითობდნენ ტყის განაპირას,
ღოლოიანში თათრის გოგო ძროხას მწყემსავდა,
ნაგუთნი მიწა სათოვარი ღრუბლის ნატირალს
შავი ტუჩებით ჟინმოსული სვამდა და სვამდა.
ბელტზე ჩამოვჯექ, გულს მოაწვა მომწარო შური,
აღსდგა წარსული წინაპართა მითის მთხრობელი;
ნეტავ ამ ფურებს მომწყემსავდეს ქალი ხევსური,
უფრო ამაყი, მშობლიური და მახლობელი.
თათრის ასულო, მომაჩერდი ასე რისათვის,
ფიქრობ მაგ თვალთა სიმუქეში ჩავიქარგები,
ეჰ, შენ რა იცი, ერთი მუჭა ამ მიწისათვის,
სისხლისგან როგორ იცლებოდნენ გურჯთა ძარღვები.
თათრის ასულო, მოზამბახე ბაგე რომ გიკრთის,
თითქოსდა ჩემში დაეძებდე სუსტსა და უძლურს,
არა! ამ სისხლში არ დამშრალა გენი დავითის,
მე ქეთევანი მაწოვებდა დაშანთულ ძუძუს...
ვიჯექი დიდხანს, პანორამა სთვლემდა მეფური,
არე ველური, ლურჯი ნისლით შემოგარსული,
ლამაზი იყო, ღმერთო ჩემო, თექვსმეტი ფური,
ღოლოიანში ოცნება და თათრის ასული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი