სკამი


ჩემმა სკამმა გუშინ ფეხი მოიტეხა.
ვერ ვიტყვი, რას ვფიქრობდი, რატომ ვიყავი ასეთი მძიმე.
მერე მთელი ღამე ვტიროდით:
სკამს მოტეხილი ფეხი სტკიოდა, მე - მოტეხილი ფიქრი.
ჩამოჯდა იატაკზე, ზურგი მოხრილ საზურგეს მიაყრდნო,
ფიქრობს, რომ ახლა აღარ მჭირდება - კოჭლი და ბებერი,
ალბათ გადავაგდებ, ან დავანაწევრებ და დავწვავ…

მე კი ჯერ არაფერი გადამიგდია- ყველაფერს ჩემს თავში ვინახავ.
ჯერ არაფერი დამიწვავს საკუთარი თავის გარდა.

ბოლოს მოვიფიქრე:
მოდი, მიჯექი კუთხეში, 
ჩემს ტანსაცმელს მოგაფარებ, რომ არ შეგცივდეს,
დაჯექი და დამელოდე, 
აუცილებლად დამჭირდები:
ერთხელაც, როცა ფიქრის ყველა ფეხს მოვიმტვრევ,
შემომიყუდე შენი დარჩენილი ფეხები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი