დღეს წვიმაში არ მივლია ..


დღეს წვიმაში არ მივლია და
არც წვიმას უვლია ჩემში.
ერთ ხესთანაც არ მიტირია,
ერთ ხესაც არ უტირია ჩემთან.
ერთი ქვისთვისაც არ მიკოცნია,
ერთ ქვასაც არ უკოცნია ჩემთვის.
ერთი ხიდიდანაც კი არ გადავმხტარვარ
და ერთი ხიდიც არ გადამხტარა ჩემგან.
ერთ მდინარეშიც არ დავმხრჩვალვარ
და ერთი მდინარეც არ დამხრჩვალა ჩემში.
თვალები არ გამიხელია და
არც თვალებს გავუხელივარ.
ერთი სიტყვაც არ წამომცდენია,
ერთ სიტყვასაც არ წამოვცდენივარ.
არაფერი გამიფიქრებია.
არაფერს გავუფიქრებივარ.
დღეს ჩემი თავიდან არ გავსულვარ
და არც ჩემი თავი გასულა ჩემგან.
მიწაზე ვიწექი და მიწა იწვა ჩემზე.
ბალახი ამოდიოდა
და მზე ამოდიოდა ჩემგან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი