შენ მიყურებ
გავყვითლდი,დე. როგორ გავყვითლდი. ყვითელ ლოყებზე ვიფარებ ხელებს. სარკე შორს დგას და შემიძლია ვიფიქრო,რომ სინამდვილეში ასეთი არ ვარ. ცხელი კეფით ვგრძნობ, როგორ მიყურებ. ვზივარ კედელზე მიყრდნობილი შეშუპებული ვიღაცის სახით. შენ მიყურებ და ელოდები, რომ მივაყუდებ ამ სახეს კედელზე,როგორც ნიღაბს, და სიცილით ავდგები ლურსმნებამოჩრილი, მკვდარი კაცის ნახელავი სკამიდან. მე კი ვზივარ და ვნახევრდები, ვმესამედდები. შენ მიყურებ და ელოდები, როდის გავხდები ისე პატარა, იმ პირსახოცში გამახვიო, ახლა რომ ჩამოხსენი თოკიდან. ისე შემფუთო, როგორც ჩვენი პირველი შეხვედრისას ოცდახუთი გამოტოვებული წლის წინ. მე ვზივარ და გელოდები, და ჩემი გამრუდებული ხერხემლის ხაზით, ჩემი მოკეცილი მუხლებით და გათეთრებული წამწამებით გთხოვ,დე: მომეპარე ზურგიდან ჩუმად, თითისწვერებზე,ფეხაკრეფით, როგორც მაშინ,ჩვილობისას, მომეპარე და გამახვიე მაგ გაცრეცილ პირსახოცში, შემმალე შენი დამძიმებული მკერდის ქვეშ, შემიხორცე, და სამუდამოდ გადამმალე ჩემივე თავისგან, თორემ უკვე აღარ ვიცი, მე გავყვითლდი თუ შენ გაყვითლდი, თორემ უკვე აღარ ვიცი, შენ გამაჩინე თუ მე გაგაჩინე..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი