ნადირობა იხვზე
მიწას მივუჯექი. ხელები დავაწყვე, გაბერილი მუცელი მოვუსინჯე. ცხელი იყო უკვე. -გააჩინე,- ვუთხარი, გააჩინე, სანამ შეგიძლია... ... რძეს ვადუღებ და მის სუნს ვგზავნი შენს გასაღვიძებლად. დგები და ფეხშიშველი გადიხარ ეზოში. ხეხილის ნერგებს დაუვლი და კვირტებს დაუთვლი. აი კაცი, აი დილა - გიყურებ და კოვზებს ვაფხიზლებ. ღამის ნარჩენები მოვგავე და გადავყარე, გავიკანკალე კანზე დილის სველი სიცივე. შენი უდილამშვიდობო საუზმე მაგიდას მიუჯდა. რძე დავღვარე ჯამიდან. შეხედე, ჩემი თავი დავღვარე იატაკზე. შენ ფეხები ჩექმებში ჩაიკეცე და ზღურბლივით გადამაბიჯე. ზურგზე თვალები გამოგაბი. ეზოს კარამდე გამოიფართხალეს, მხრები შეარხიე და ჩამოიფერთხე ისინი. აი ჩემი სიცოცხლე, აი ჩვენი გაზაფხულის ოცდამეხუთე მშობიარობა. აი ჩვენი დაღლილი სახლი. როგორ გაგვიშავდა, როგორ დაგვიბერდა... გატეხილი კრამიტიდან ხველებ-ხველებით აფურთხებს ერთმანეთზე მიკვანძულ ჩვენს წლებს, ჩვენს ცხოვრებას, ოცდახუთ შემოდგომად შეკეცილი რომ მიყროლებს ტახტებს და კარადებს. დღეს გადმოვყრი, უნდა გადმოვფინო, გავამზეურო, გარეთ უნდა გამოვიყვანო, თორემ მატლი გაუჩნდება. ისიც იღვიძებს- აი შვილი. აი შვილი გავაჩინე. გავაჩინე სიმუნჯე. გავაჩინე სიყრუე. ოცი წელია, დუმილის და სიმარტოვის ღამის ქოთანზე შემომჯდარა, როგორც შავი ფრინველი, თვალები კენჭებივით ჩაუმწკრივებია, სათამაშოსავით უჭირავს თავისი სიჩუმე და ზანზალაკივით მიწკრიალებს ყურებში. ოცი წელია, სამი წლისაა. ოცი წელია, ყოველდღე ვაჩენ. თმას გადმომაყრის. მკბენარად დასეულ ძილს გავაცლი. ენას გადმოვაყოფინებ- დედა. დედა. დედა- აწერია ენაზე. შენ მას ისე იშორებ, თითქოს ტანსაცმელი იყოს, რომელიც როგორც კი გაიხადე, მაშინვე დაგიპატარავდა. ისე ერიდები, თითქოს გეშინია, არ გაჭყლიტო და ხელებზე არ დაგრჩეს ლორწოვან ლაქად. შენს თვალებს სიბრმავის წვერი წაუთალე და გარშემო ჩაურჭვე, შემოღობე, როგორც შხამიანი მცენარე. შენ ფიქრობ, რომ ჩვენი შვილი ბაყაყია. აი კაცი. აი ქალი. აი შვილი. მე დავხოცე შენი დანარჩენი შვილები. სასაფლაოსავით დამაქვს მუცელი. გადავყარე, როგორც მოჭრილი თითები, მათთვის დასარქმევ სახელებს ზოგჯერ წავიმღერებ. არ შემიძლია მათი გაცოცხლება, შემიძლია, რძე ავადუღო, ლობიო გავარჩიო. აი ჩემი დარდი- ჯამში ჩაწკრიალებული ლობიოს მარცვლები. შენ კი ნადირობ. კედელივით ამომიშენე ტყე და მინდვრები. აბჯარივით აისხი ჭალა და მდინარე. გამომართვი შენი თავი და სული მკვდარი ფრინველებით გამომიტენე. შენ ნადირობ იხვზე. მე მათ ვპუტავ და ვფატრავ. სისხლიან ხელებს თეძოზე ვიწმენდ. მე მაქვს იხვის თეძო. იხვო,- მითხარი ერთხელ, შე მსუქანო, ბებერო იხვო... მუხლებზე მიდევს შენი სიტყვა, როგორც მოჭრილი თავი. შენი შიშის და სიჩუმის გუბეში ეწვეთებიან მკვდარი იხვები. ... მოათრიე დაღლილი საღამო და ფეხებთან დამიგდე. სველი ქურთუკის ჯიბიდან მკვდარი თევზები გცვივა. აი შენი ვახშამი. ჯამში ჩასხმული ჩემი შიმშილი. ჩემი მსუყე სიცარიელე. თუ მარილი აკლია, მითხარი და ჩავეწვეთები. ვპუტავ შენს ნანადირევს და ბუმბულს ვინახავ. მოგიყვანო ჩემი დღე? ჩამოვსვა ჩემი დღე საწოლთან და გაჩვენო? მოგიყვები, სანამ თავს იმძინარებ. სანამ ჩემი არ გესმის. ... უკვე წლებია, გაზაფხულობით იხვის ბუმბულს ვაგროვებ. ამოვტენე ლეიბები და ბალიშები. ამოვივსე ფილტვები და თირკმელები. თავიდან ვტიროდი, როცა მკვდარი იხვების ფერად თაიგულს მომართმევდი ხოლმე. მათი სუნით დაჟღენთილ ღამეებს ვამტვრევდი და სველი ბუმბულის ჭრელი ცრემლი მცვიოდა. შენ ისე მემალებოდი, ალბათ დამავიწყდებოდი კიდეც, რომ არა ეს იხვები. ჩემი თავიც მემალებოდა. სახლის ყველა კუთხეში ვუგებდი სარკის ხაფანგებს, რომ როგორმე დამეჭირა და დამენახა, რამდენად დავემსგავსე იხვს. ერთხელაც დამესიზმრა, როგორ გამოვტეხე კვერცხის ნაჭუჭი და გამოვიჩეკე. სიზმრიდან დამამახსოვრდა ჩემი ბრტყელი, აპკიანი წითელი ფეხები და მსუბუქი, მოყვითალო ბუმბული. შენ იმ დილას შემომხედე, წამოზრდილი წვერი მარცხენა ლოყაზე გაიჭაღარავე, თოფი აიღე და საგზლიანი ზურგჩანთა მოიკიდე. ვერ გაგაცილე- მთელი ტანი მეწვოდა. ალბათ ბუმბული ამომდის,- ვთქვი და ჩემი შვილის გასახსენებლად წავედი. ... ჩვენი საწოლი უზარმაზარი, უნაგირივით აყუდებული მთაა. ორივე მხარეს ციცაბო ფერდობით. ვწვებით და მრგვალი ლოდებივით ვგორდებით აქეთ-იქით. სიმარტოვის ღრმულებში ვიყრებით. ისე ვცვივდებით, როგორც მკვდარი ხვლიკები, ჰაერში შიშვლად გაშვერილი კლანჭები გვრჩება, ვერ მოვასწრებთ მობღაუჭებას, ღამე ისე გაგვეპარება. აი მოვცოცავ ამ ხრიოკ ფერდობზე. ჰორიზონტის ხაზზე შავი გველეშაპივით გაწოლილა შენი ზურგი. ამოვფორთხდი, სუნთქვა ტერფით მივჭყლიტე ზეწარზე, მოგიჩოჩდი და შენი ძილის ნაწიბურზე ფანქრის წვერივით წავიტეხე თითისწვერები. ... მწევარივით წაიყვანე სანადიროდ შენი უმძრახი ზურგი. ისევ არ შეგიმჩნევია ჩემი მძივი- მავთულზე აკინძული ბეღურები. მერე მეც ვემზადები. გინახავს ჩემი ახალი კაბა? გინახავს ჩემი ახალი ბუმბული? ... ადვილი არ ყოფილა ფრენის სწავლა. ზოგჯერ მეგონა, სული მოსაცვლელი კბილივით მომძვრებოდა ტანიდან. გამოვშლიდი ნაგროვებ ბუმბულს და ავისხამდი. ფრთებიც შევკერე. ზურგზე ვიმაგრებდი და სახურავიდან ვხტებოდი. აი ჩემი სხეული, ლურჯი ზოლებით- უკვე რამდენჯერ დავეხეთქე მიწას. თუმცა ეს ისეთი მტკივნეული არ ყოფილა, როგორც შენი ზიზღით და სიჩუმით ნაცემი ჩემი სულის ლოყები. როგორც უშენო შენთან ყოფნის ოცწლიანი სეტყვა. აი ჩემი სხეული- ბებერი და მახინჯი- შენ ფიქრობ, რომ მსუქან იხვს ვგავარ. რა თქმა უნდა, მე ხომ იხვი ვარ. ... ყველა სიტყვა დათვლილი მაქვს, რაც ამ ოც წელში მითხარი. ყველას დავარქვი სახელი, თავშალში გამოვიკარი და შევინახე. ზოგჯერ გადმოვშლი, დროს სულის შებერვით გადავაცლი. ... დილა შენთან ერთად შეცოცდება ხეობაში. მინდვრები წუწუნით გადმობრუნდებიან და ნამძინარევ ბალახს მოისრესენ. მდინარე შენი მისვლისთვის იღვიძებს და იზმორება ჭალაზე. მოსახვევში კლდეს მთელი ძალით მიაჭერს ფეხს. მიწაზე მკლავს გადმოაგდებს, მკერდზე მოუფათურებს. შენ ახალ-ახალი თვალები და ყურები გიჩნდება. ხედავ, როგორ ამთქნარებს მიწა, დიდ პირს მოაღებს და თეთრი ტბა გამოუჩნდება. კბილებივით ჩამწკრივებული რიყის ქვები ტბისკენ დაგემგზავრებიან. ტბიდან ნისლივით აიშლებიან იხვები. მოდი, ერთ-ერთი მე ვიქნები. ... სანამ შენ ნადირობ, ჩვენ იხვობანას ვთამაშობთ. ეს თამაში ძალიან მოსწონს. ბუმბულასხმულები დავფართხუნობთ ოთახიდან ოთახში. პირს აღებს და ღმუილს უშვებს სიცილის ნაცვლად. რა ლამაზი ხარ, მოგიკვდეს დედა... ... წავალ, იქ ვიცხოვრებ. იქ კარგად გამომდის- უკვე დავფრინავ. უკვე გამომდის- მოვახერხე და ჩემს სიზმარში გადაგიტყუე. ბუმბული დავყარე სატყუარად ძილის კარებთან. ... ჭრელი იხვი ვარ. ტბაზე ისე დავსრიალებ, თითქოს შენი თვალის გუგა იყოს. ტბა ისეთი ჭრელია, როგორც გველის ზურგი. ფრთის წვერებზე გამობმულ თევზებს ვასეირნებ. ვსრიალებ და ვფერადდები- მზე გადმოჯდა მთის წვერზე და გაზაფხულს მეთამაშება. გულში ჯიუტი ზანზალაკი მყავს- დაგინახავს და წკრიალებს... დაიწკრიალებს და დამინახავ. დამინახავ და ჩემი სურვილი შეგეყრება. ჩემი სურვილი შეგჭამს. ჩემი გული მოგინდება, ჩემი გემო მოგინდება. იქნება მომინადირო... ... როგორ არ დაგცინო- ჭრელი იხვი სიყვარულის დუელში გიწვევს... ცეცხლთან მიმჯდარა გაზაფხულის დენთით დატენილი საღამო. არ მესმის, რაზე საუბრობენ ჩვენი ზურგები. აი ჩვენი ბედნიერება- ცხოვრება ობიანი პურივით გავტეხეთ შუაზე. ძილის წინ ჩვენი შვილი უნდა დავთვალო: -ერთი, ერთი, ერთი- ვითვლი, რომ დილამდე არ დამავიწყდეს. მერე საწოლის ფეხზე ვაბამ, თორემ ღამე მომეპარება და უკან, მუცელში ჩამიძვრება. .... ასეთი იხვი არ გინახავს, ასე ჭრელი და მშვენიერი. შენ დაინახე, როგორ რთავს ცის ნაპირს რძისფერი მაქმანით- ცა შენი შუბლი იყოს. როგორ ამრგვალებს კიდეჩამოძენძილ ღრუბლებს- შენი ბნელი ფიქრი იყოს. როგორ არწევს მინდვრებს და ბრტყელ ნისკარტში ჩადუდუნებული სიმღერით აძინებს- შემოუთრიე ძილში შენი უძილობა. წვიმას ისე აკეცავს, როგორც შრიალა ფარდას- ჩემმა ცრემლმა აღარ დაგალბოს. მზეს ნისკარტს წაარტყამს და სწრაფად გადააგორებს- სულში გადმოგიგორებს. შენ არ იცი- ერთხელ ერთმა ასეთმა იხვმა კვერცხივით დადო დედამიწა. მისი ჩრდილი დაინახე: იხვია და ქალის ჩრდილი აქვს. ეს სიზმარი არ არის, ეს სიზმარი არ არის, ჯერ არ გაიღვიძო: ცოტასაც ვიფრენ. ... იხვის მუცელში გინდა ცხოვრება. ჩემსკენ გამოწვრილებული გზა ყელზე გამოიყულფე. ალბათ ვინმემ შეგილოცა: სიკვდილის იარაღო, სულო წითელძაფგამობმულო, შეიჭამე შენი თავი. გაზაფხულის გაფუებულ დღეებს რიგრიგობით ვუბერავთ სულს, რომ დაცხრნენ და მალე დაღამდნენ.. ... გული ისე გაგებერა, გეშინია, არ შევამჩნიო და მკერდზე სწრაფად იკრავ პერანგის ღილებს. გამოძენძილ ჯემპრს გადაიცვამ. კანკალებ, თოფი სველი გველივით გისხლტება ხელიდან. ტყვიებს ჩაამწკრივებ. ისე ემზადები, თითქოს ტყვია სასიყვარულო კოცნა იყოს, რომელიც ჩუმად უნდა გაუგზავნო შენს საყვარელს. საგზალს გიმზადებ და სანადიროდ გიშვებ. ჩემს მკვდარ დებს ვპუტავ სველ იატაკზე ფეხმორთხმული- სკამები დიდი ხანია, წავიდნენ სახლიდან. ... სიგიჟის გალია აიშენე- მშვენიერი იხვი უნდა ჩაისვა. შენ ფიქრობ, მას თუ დაიჭერ, ცა გამოგეცვლება, სული შეგიხორცდება, ენა მოგიბრუნდება, შიშის ქერცლი დაგცვივდება კანიდან, წყალი თავის თავს დალევს, მე ხოჭოსავით გავცოცდები. შენ ფიქრობ, მას თუ დაიჭერ, სიკვდილს გადმოაფურთხებ და ბაყაყები აღარ გაგიჩნდება. .. დღეს არაფერი მოგიკლავს- მოვასწარი და თოფის ლულა ნისლით ამოგიტენე. აღარ ჩაგეძინოს ტბასთან, თორემ ვერ მოვითმენ და თვალებს ამოგიკენკავ. შენი ძილიდან ჭრელი იხვის ბუმბული ცვივა. შიშით ვაგროვებ დილაობით და წყალს ვატან: ხომ შეიძლება, შენს სიზმარში მომკლა და ვერ გავიგო? ... ძლივს მოვასწარი, მომეხსნა დაღლილი ფრთები და საწოლის ქვეშ შემეტენა, გაიღვიძე. კოჭზე მიბმული თოკი მოვხსენი, დამშეული მკლავები გამოკლაკნა- აი შვილი, აი შვილი გამოგიშვირე. ოცწლიან სიჩუმეს საცეცებივით გიძვრენს ყურებში. აბა ენები შეაჯიბრეთ. მატლივით გაცოცდება ფეხზე, ჩემს გამონაცვალ კაბაში ახლართული. ისე იშორებ, როგორც ჩექმაზე მიმხმარ ტალახს. კოვზით ვუსრეს ფაფაში შენს თავს, მამა. მამა. მამა- ვცდილობ, ლუკმებად შევაპარო. მაგრამ ის მარცვალ-მარცვალ გაფურთხებს, არ შეუძლია შენი შეჭმა, ყელში გაეჭედები და დაახრჩობ. .. ღია ფანჯარაში ჩამოიკიდა თავი, გაიბერა, გასივდა და სილურჯე შეეპარა ღაბაბიდან. -გადააგდე ეგ მთვარე, ხომ ხედავ, რომ აყროლდა! -მიყვირი. -ჩემი საყვარელია, -ვჩურჩულებ მე, -ჩემი საყვარელია... საწოლთან მიყუდებული თოფი მიუშვირე და ესროლე. ჩამოვარდა და გასკდა. -აჰა, ჭამე და ჩაიცვი!- მომიგდე და გადაბრუნდი. მე გავატყავე და შემოვიცვი, როგორც სიშიშვლე. გამოვშიგნე, მაგრამ მკვდარი მთვარის ნაწლავები საჭმელად უკვე აღარ ვარგოდა. დავარწიე და დავაძინე მშიერი სიყვარულის გველები. ..... წყალი არ იყო, რომ სვამდი- მე ვიყავი. ნისლი არ იყო, რომ გეხვეოდა- მე ვიყავი. მიწა არ იყო, რომ იწექი- მე ვიყავი. ცა არ იყო, რომ გეფარა-მე ვიყავი. იხვი არ იყო, რომ ესროდი- მე ვიყავი. ჩრდილი არ იყო, რომ მოკალი- მე ვიყავი... მესროლე. ენასავით გადმომიყავი სიკვდილი. მე ჩემი ჩრდილი ავიფარე. კოპლებად აისხა საფანტი. ცა ლურჯი სისხლივით ჩამომეწვეთა მის ქვეშ მოქცეულს, გული დამეშალა და ჩემი ჩრდილი საბანივით გადავიძვრე, ამოვსხლტი შენი თვალებიდან და თოფის ხმაზე ჩამოკიდებულ ექოს კანკალით ამოვეფარე. ფარფატით დაეშვა ჩემი ჩრდილი. დააგდე თოფი. დააგდე შენი თავი. კვდება, შეხედე. ფოთოლივით ცახცახებს დაჭრილი ჩრდილი. ხელში აიყვანე და მკლავზე გადაიწვინე. განზე გადგნენ ახლადშეფოთლილი მურყნები, ფესვები მოგარიდეს გზიდან. ტბამ ტირილის თეთრი ტალღა შეისხა სახეზე. კარგად შემოხვიე ხელები, მკერდზე მიიკარი, ჯერ კიდევ ფეთქავს.. სველ მიწაზე დააწვინე, მიწის ორთქლიან სუნთქვას მიუშვირე- იქნებ გადარჩეს. გვერდზე მიუწექი. სახე ჭრილობაზე დააფარე და ცრემლით გაულოკე ნატყვიარი. ძალიან ეტკინა? დიდხანს კვდებოდა? ხომ არაფერი უთქვამს შენთვის? კარგად დამარხე? ხომ ვეღარ ამოძვრება მიწიდან? როგორ იცანი? ჩემი ტანი კიდევ გახსოვდა? ... ზურგზე წამოკიდებული გამოათრიე შენი თავი ძილიდან. ალბათ დაიღალა. მოდი,სადმე მივაწვინოთ. როგორ მიყურებ? გუშინ ცივი დღე იყო- ალბათ თვალები გაგიცივდა. მე კარგად ვარ, უბრალოდ, ღამე დამისივდა სახეზე. აჰ, ეს ჩემი საღამური ტანსაცმელი მიჩანს ხალათის ქვეშ, გამოცვლა ვერ მოვასწარი, ბუმბულია, კი- შენი მოტანილი სიკვდილით ფრთები გავაკეთე. შემიძლია, გაგიყო. მოდი, სახე დაგიკემსო, ტუჩის კუთხე ჩაგრღვევია. ფრთხილად,არ დააბიჯო- ეს ბაყაყი არ არის, ჩვენი შვილია. აი, თვალები გაეზარდა. ნახე, ორი თოჯინა ჰყავს- დედიკო და მამიკო. ნემსით გადაუჩხვლეტია. ... ტბაზე იხვები აღარ არიან. მთელი დღეა, გული გერევა. ალბათ მოიწამლე. არ უნდა გეჭამა ჩემი ხორცი. ... ნუ მანათებ: ჩემი ხელი ჩრდილს არ იკეთებს. არც ჩემი წამწამები. ბრტყელი ვარ. საფლავად ქცეულ საწოლზე მიბნეული ბრტყელი ფრესკა. სანთელი ჩააქრე, თორემ ზედ მადნება, ძილზე მეწვეთება და მეწვის. დაიძინე. დილისთვის ემზადები? ახლა ვინ გყავს მოსაკლავი? მოდი, ხვალ მეც წამიყვანე სანადიროდ. ჩვენს ბაყაყსაც წამოვიყვან- ფრენა უნდა ვასწავლო. დილას შემახსენე, არ დამავიწყდეს- ტყემლებზე გაფენილი გაზაფხული უნდა ავკეცო და შევინახო. უკვე ძალიან გაჭუჭყიანდა. ... აი დღე. ძლივს დავიჭრე, გავაკავე და გავკოჭე: წუხელ თოკი გაუწყვეტია. კიდევ კარგი, სიარული არ იცის. რა სწრაფად გაზრდია ფრჩხილები, სულ გადამკაწრა. ნუ ფართხალებ: ცოტა მტკივნეულია, მაგრამ უნდა გაუძლო- ახლა ფრთებს დაგაკერებ. ნუ ყმუი: ნახე, მოგეწონება-ასეთი ფრთები არავის აქვს. მესმის, ძნელია ამ რიყეზე ფორთხვა. მუხლები გადაგიტყავდა. აი ცოტაც და მივალთ. ამ კლდეზე მეც პირველად მივფორთხავ. ნუ გეშინია. დაბლა არ ჩაიხედო. ეს ყვავილი მიყვარს. თუ კარგად იფრენ, დაგიკრეფ და გულზე დაგაყრი. ნახე, მთელი ჭალა ისე ჩანს, თითქოს ხელისგული იყოს. მე და შენ პირველად ვსეირნობთ. მოგწონს? აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე, მოგიკვდეს დედა. აი მდინარე- სიცოცხლის ხაზი. არ ჩაწყდება, ნუ გეშინია: შეგიძლია, გადახტე. ფეხზე ნუ მებღაუჭები. ნუ ღნავი. ასე როგორ ისწავლი ფრენას?! კარგი, დაგეხმარები. ხელს გკრავ და გადაგაგდებ, მაგრამ უნდა გაასწორო ეგ გაძვალტყავებული, დაკრუნჩხული სხეული, ფრთები უნდა გაშალო, დაიქნიო და გაფრინდე. შენ ხომ ბაყაყი აღარ ხარ. აი მამა გიყურებს ქვევიდან: იმედია, გიცნობს და არ გესვრის. ... აი დღე. ასეთი ფრინველი არ გინახავს. კლდის წვერიდან ჩამოვარდა და რიყეზე გასკდა. სისხლში დამბალი ჭრელი ფრთები გამოგიშვირა. კლდის თავზე ვდგავარ და გიყურებ- აი შვილი. აი შვილი გამოგიფრინე. ალბათ ცუდად შევუკერე ფრთები. ალბათ ცუდად გავაჩინე. ... აი დღე- ჩამოიხარა, მკერდი ღრუბლებად ჩამოწელა ჭალაზე. ცა დაბლა გდია და ტბა ცაში კიდია. აი მე. აი შენ. თითქოს ღმერთის ენაზე ლუკმებივით დავსხედით. აი მე. ეს ენა, მე რომ ვლაპარაკობ, ქვესკნელიდან ამოძვრა. აი შენ. მოდი, შენი გამხმარი ხმა ამოიძვრე და მესროლე, მე ცრემლის ტყვიას დაგიშენ. აი შენი სანადირო თოფი. აი ჩემზე სანადირო თოფი. ვერ მესვრი? ერთხელაც სცადე. თეთრი ქვის ზოლივით ვეტყობი კლდეს, როგორც იღბლიანი ნადირობის ნიშანი. ვერ მესვრი? კარგი. მაშინ შენსკენ შეიბრუნე ლულა, მუცელი მიუშვირე- ნაწლავებად გადმოიყარე მოუნელებელი, შხამიანი წლები. იქნებ მაინც მესროლო? კარგი: მაშ ნიკაპქვეშ შეიყუდე თოფი: გადმოიხრიალე ყელში ფხასავით გაჩხერილი ცხოვრება. აი ჩემი მშიერი შუბლი. ვერა? კარგი: შენს შუბლზე მიიბჯინე დაქანცული ლულა: ტვინში გამოიწვი, რაც ვერ გაგიყუჩებია. ჩაიდნე ნერვებად დაწელილი, ერთმანეთზე გადაკვანძული ჩვენი ღამეები, იქნებ ჩაწყდეს და გამოვიხსნა თავი ამ ხლართიდან, შენი თავიდან ჩიტივით გამოვძვრე... აი ხმა. აი ვცნობ ამ ხმას. აი ახლა გამოსკდება, გამოიკლაკნება და ტყვიასავით მომხვდება. აი შენი ხმა... მაგრამ სანამ გაისვრი, სანამ სულს ამოიძვრენ, სანამ სიცოცხლის წყევლას აიხსნი, სანამ თვალები ბუშტებივით დაგისკდება და სიტყვებად გადმოგცვივდება, დამინახე - ახლა ჩემს ენას მოვიკვნეტ, გადმოგიგდებ და მიწას მივუწვები. ახლა გულს ამოვიგლეჯ, გადმოგიგდებ და მიწას მივუწვები, ახლა ჩემი შვილის ნარჩენებს მოვაგროვებ, გადმოგიყრი და მიწას მივუწვები, მიწას მივუწვები, მუცელს გამოვურღვევ, გამოვუთხრი და გამოვუვსებ ჩვენი ბუმბულით- ჩვენი სიბრმავის თვალებით, ჩვენი სიმუნჯის ენით, ჩვენი შვილების ხორცით, ჩვენი თავებით- ცოცხალი საფლავებით, ნაწყევარ ხელებს ჩავუწყობ და ჩავწივლებ: გაიხეთქე წყლული და გადმოგვღვარე. გასკდი და გადმოგვყარე. გასკდი და გაგვაჩინე. გაგვაჩინე, სანამ ამოვწყდებით. გაგვაჩინე... სანამ შეგვიძლია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი