დავქსოვე


ლექსები დავქსოვე.თბილები.
ყელიანები და უყელოები.
ამოკერებულები და მძივიანები,
ნაჭრელაიანები და უფეროები.
მერე განიერ მინდვრებში გავუშვი
ხმელ ბალახების საშრიალებლად,
და თივის სუნის მოსაგროვებლად.
ის ცელქები კი წავიდნენ და
მთელი დღე მზეში იკოტრიალეს.
მზეშესრუტულები,
ქუსლდახვრეტილები,
ყელჩარღვეულები
დამიბრუნდნენ სახლში საღამოს.
რაღას ვეტყოდი.დავსხი დათვის ტყავზე მწკრივად.
ისხდნენ,იცინოდნენ და ოქროსფერ მტვერს აცემინებდნენ.
სიმინდის ფაფა მოვუხარშე,
და სანამ ხის ჯამებზე ამოვუღებდი,
ერთმანეთზე მიყუდებულებს ჩაეძინათ.
ერთად ვაწვენ ჩემს საწოლში,
მატყლის საბანს ვაფარებ,
კარგად შემოვუკეცავ,დავათბუნებ,
ვყნოსავ, ვისუნთქავ, ვიმახსოვრებ დედა მგელივით
და სათითაოდ ვკოცნი მერე ხოტორა თავებზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი