შავი წყალი


თენებისთვის ცოტა ნისლი წამოვადუღე.
ჰეი, მგზავრებო, თენებისთვის ცოტა ნისლი წამოვაქაფე,
გზა თუ აგებნათ, ჩემი ბრალია.
ალბათ გიკვირთ, ასეთ მთებში როგორ გავჩნდი ასეთი შავი,
ასეთი ბლანტი და წებოვანი.
ტანზე ჭაობის მწვანე ჭორფლიც ამომისივდა.
ნახეთ, რა დღეა:
ღრუბლის კვერებს კბეჩენ ყორნები,
მჭახე ჩხავილის მარყუჟებში უყრიან ყელებს.
უსმინეთ, როგორ მიმღერიან:
წყალმა დაგლიოს, წყალო, შავწყალო, -
მე მიმღერიან.

მთელი დილაა, ფრთაგაწეწილ ძერას ვირეკლავ.
თავზე წივილით დამტრიალებს,
ჩამომხედავს და თავის გაძიძგნილ კისერს ხედავს,
თავის მკვდარ სხეულს,
ჩემი დინების სიბნელეში რომ ვატივტივებ.
ვყლაპავ მის ჩრდილს და პირს მოვიკრავ.
მშვიდად მიფრინავს.
ძალიან სწრაფად ეჩვევიან სიკვდილს ჩიტები.
ასეთია ჩემი დღეები. ვწევარ, ვდუდუნებ.
ვწევარ, ვუყურებ, ბებერ იფნის ხეს როგორ უფეთქავს სხეულზე ხავსი -
შეცოცებული სიკვდილის ქაფი.
ვწევარ, ვდუდუნებ.
ასეთია ჩემი დღეები.
ქვეყნის ცხრა მხარეს ენაგაწვდილი გზები ყვებიან,
როგორ გავგიჟდი და როგორ მოვკვდი,
როგორ იქცა ათასწლიანი ბნელი ტყეების ძარღვად მფეთქავი
თეთრი მდინარე
სიკვდილის სარკედ.

ალბათ იტყვით, რომ მდინარეები არ კვდებიან.
ალბათ არ იცით, როგორ უყვართ მთის მდინარეებს.

ჩამოჯექით, აი, იმ ქვაზე შემოაწყვეთ თქვენი თვალები,
არ შემომხედოთ.
მოგიყვებით.
...
უნდა ნახოთ, როგორ თენდება ზაფხული მთებში.
ღამე ჩაწვება, წაიფარებს ბუერის ფოთლებს,
გრილ ფეხებს ფსკერზე ჩამომიწყობს.
მთის მყვირალა ნაკადულები თავნება ჯიხვის თიკნებივით ხტებიან ჩემში.
თვალებად შლეგი კალმახები მიფართხალებენ.
დილაა.
ნახეთ, რა თეთრი ვარ, ცას ვახლი სხეულს.
ნახეთ, ქვეყანას გადავაშლი სიცოცხლის შხეფებს.

ერთხელ ისეთი დღე გათენდა,
ერთხელ ისეთი დღე გათენდა,
წამოიშალნენ კალიები ზაფხულის ხვატში,
ტანში ტკარცალით დამიარეს,
ჭრელი მინდვრების შავ ენებად ამოსავსავდნენ:

წყალო, მხედარი არ გენახოს,
ქალი იყოს იელისფერი,
მხრებზე მზის ხორბალი ეყაროს,
მის ჩრდილად მოღელავდნენ მზე-მთვარის ზამბახები,
თვალებში უსკდებოდნენ მოცვის მარცვლები.
აივლიან, ჩაივლიან ქალები, წყალო,
შიშველ მუხლებს ცხენის ფერდებზე მორკალავენ.
ბრმა იყოს ყველა წყალი და უგრძნობი იყოს,
თავის გზას მილოკავდეს, ჩრდილიან ხევ-ხუვებს,
არ შედგეს, არ შეკრთეს, არ შეიმღვრეს,
გასახეთქ გულივით არ შეგუბდეს,
სიპ ქვებზე დალესილი ფლოქვებით
გულმკერდს რომ ჩაუთეთქვავს ფაფართაფლა ცხენი.

ქვიშიან გორზე გადმოდგა, ვნახე.
ცხენს ფეხქვეშ ბილიკი დაუფრთხა, ვნახე.
ქალს თმაში ცეცხლის ქარი უქროდა, ვნახე.
ჭრელ ფერდობზე დაეშვა ქარი.
ქალია, ვთქვი. ქალია.
ვნახე.
და გავეკიდე ჭალაზე მხედარს.
ღრანტეებს მარდად ახტებოდა ყვითელი ცხენი.
მიფრინავდა და მივფრინავდი.
ქარი იყო და ქარიშხალი,
წყალი ვიყავი და წყალცოფი.
ალბათ გესმით ჩემი სიცილი,
ალბათ გესმით, გიჟის ყიჟინით
როგორ ვახტები საკუთარ მორევებს,
გზა-გზა მივამტვრევ ატეხილ მურყნებს,
ხედავთ, როგორ დგებიან მთები,
როგორ გარბიან მთები გზიდან,
გესმით, როგორ ყვირიან მთები?
გესმით, რა ვნებით მისკდებიან ფსკერზე ლოდები?

მხედარი ბებერ მუხასთან შედგა, სწრაფად ჩამოხტა.
იელისფერი.
გველის ტყავივით გაიძრო კაბა
და გამჭვირვალე თაფლის წვეთივით
შემომერია.
იელისფერი.
როგორია, ვთქვი. ჩემში ყვითელი ფუტკარივით ზუზუნებს.
რატომ არ ადგება ყველა ქარი,
რატომ არ გასკდება ყველა ნაპრალი,
ჩამიტანოს.
როგორია, ვთქვი.
გავიშალე და გრძელი მკლავივით მოვხვიე ტალღა.
გავიშალე.
და დავიშალე.

უნდა ნახოთ, როგორ ელიან მდინარეები იელისფერ, მათრობელ ქალებს.
უნდა ნახოთ, როგორ ახრჩობენ ზაფხულის დღეებს
თეთრქაფიანი მორევების გაბმულ ღრიალში,
როგორ ხტებიან ჩანჩქერებად ყველაზე შავი, მაღალი კლდიდან
და გაუსაძლის, მკვლელ ლოდინში ასკდებიან საკუთარ ფსკერებს.
როგორია, როცა გიყვარს. თითქოს სულში ათასობით ფუტკარი გკბენდეს.

მასთან ერთად თენდებოდნენ მერე დღეები.
ცხენს შიშველ ზურგზე მოახტებოდა,
მოვიდოდა, ჩამიწვებოდა.
იწვა გულაღმა. ირწეოდა.
მღეროდნენ მისი საფეთქლები, მისი მაჯები.
მიტივტივებდა მისი სხეული,
როგორც მინდვრებზე ნარჩიტების მშვიდი სიმღერა.
ტალღებს თითებად დავაწყობდი ცისფერ ძარღვებზე.
თმაში ვურევდი ბანგიან დუდუნს.

მერე მტირალა ტირიფების ენა ისწავლა.
ზოგჯერ ისინიც აიდგამდნენ ხავსიან ფესვებს
და მასთან ერთად წვებოდნენ ჩემში.
მერე თევზების ენაც ისწავლა. და ქვების ენაც.
ხორკლიან ლოდებს დაუვლიდა მზიან რიყეზე,
ხელისგულებით დაკოცნიდა ჩემს დამშრალ სიზმრებს,
ჩემს გაქვავებულ სიმარტოვეს.
უნდა იცოდეთ, ასეც ცხოვრობენ ქალები და მდინარეები.

და გათენდა, იელისფერი ის დღე გათენდა.
იელისფერი კაბით მოვიდა.
წყლით გამევსო სიზმრები, მითხრა.
შენით გამევსო ღამეები.
ჩემი პირით მდინარე ბოდავს.
ჩემი თვალებით თევზები ხედავენ.
უნდა წახვიდე ჩემგან, მითხრა.
აკრიფე შენი შლეგი ტალღები.
ვერცხლიანი წყალივით ვღელავ.
ვშრები და ვკვდები.
უნდა წახვიდე ჩემგან, მითხრა.
იელისფერი კაბით მოვიდა.

გველის ტყავივით გაიძრო კაბა,
ქვებზე გაფინა. იელისფერი.

წყალში ნუ შეხვალ, როგორ ვყვიროდი.
წყალში ნუ შეხვალ.
თმა არ გაიშალო, მკლავები არ გაშალო.
ჩემს ფსკერს ტერფები არ უწვდინო,
სიკვდილი არ აამღვრიო.
მკლავი მოვხვიე, ცხრა მკლავი.
ტალღა მოვხვიე, ცხრა ტალღა.
მე ვინ მომიკლას წყურვილი,
როგორ გავუშვა ჩემი საყვარელი.
როგორ მითრთის იელისფერი,
გასასკდომ გულივით მიფეთქავს უბეში,
ამოვუშრობ თვალის გუბეებს,
ამოვუშრობ სუნთქვის მორევებს,
შემშლის წყურვილი. დამაშრობს წყურვილი.
ასეთი ტკბილი, ასეთი დასალევი,
ბოლომდე დასალევი,
იელისფერი.

არაფერი, არაფერი.
აღარ დარჩა თმის ტევრი ტალღის მკლავზე დასახვევი.
აღარ დარჩა ტკბილი მოცვი თვალებიდან დასაკრეფი,
აღარაფერია დასალევი ლურჯი ტუჩებიდან.

უნდა იცოდეთ, მზე რომ იმ გორის წვერზე შედგა,
იმ ქვიშიანი გორის წვერზე,
აყვავებულ ვირისტერფებს ცხელ ქვიშაში რომ ალივლივებს,
უნდა იცოდეთ, ზუსტად მაშინ შეწყვიტა სუნთქვა.
თაფლის წვეთივით ჩამიდნა ტანში.

უეცრად რომ შეგიდედდეს სხეულში სისხლი,
ასე გაჩერდა ჩემში სიცოცხლე.

ცას შევაყარე გაყინული თვალის გუგები -
მკვდარი თევზების თეთრი მუცლები.

დასხდნენ ჭირისუფალი ტირიფები,
ჩამოიწეწეს ჩაწნული ტოტები,
ჩამომძახეს გაბმული გვრინით:
წყალმა დაგლიოს, შავწყალო,
ათასგზის დაგეწყევლოს საკუთარი გვამი.

დიდხანს ეძებეს მისი სხეული -
მოდიოდნენ გუნდად ჩიტები,
მოდიოდნენ გუნდად მინდვრები,
მოდიოდნენ მწკრივად ხეები,
ჩამოუშვებდნენ ტოტებს კავებად.
ჩემია მეთქი, როგორ ვყვიროდი.
ჩემია-მეთქი. ჩემია. მიყვარს.

მთელი კვირა ვისროდი ლოდებს.
მთელი კვირა ვიგლეჯდი სხეულს.
და კვირის თავზე რომ ჩამომხედეს, ხეებმა მათი სიკვდილი ნახეს,
და კვირის თავზე გულში მეხი დაიხალა ბებერმა მუხამ.
მერე ავდექი, ამოვბრუნდი და
საკუთარ თავში ჩავიხედე.
ერთხელ თუ ნახე, ერთხელ თუ ნახე,
ვეღარასოდეს დაივიწყებ შენს მკვდარ სახეს,
ერთხელ თუ ნახე.

სამი მთვარე იტირა ცხენმა,
ჩამოდნა ცრემლად,
ზამთრისპირზე ბოლო წვეთად ჩამომეწვეთა.
ჭაობის ღელვად შევიბლანტე მისი ფაფარი.

უნდა ნახოთ ჩემი ზამთრები.
აღარც ყინული მეკარება.
ვწევარ, ვუყურებ, უფერულ ცაში
თეთრი ყვავების ლაშქარივით დაფრინავს თოვლი.
ერთი ფიფქიც არ დამეცემა.
ვწევარ შავი.
ჩემზე ცივია თოვლის წყევლა.

უნდა იცოდეთ, ასეთია ჩემი ამბავი.
ვინც გაბედავს და ჩამომხედავს,
ვეღარასოდეს დაივიწყებს თავის მკვდარ სახეს.
უნდა იცოდეთ - ასეთია ჩემი ამბავი.

ჰეი, მგზავრებო, აიკრიფეთ ახლა თვალები,
გაშალეთ გზები.
მაპატიეთ, რომ თენებისთვის ცოტა ნისლი წამოვადუღე.
წადით, მოყევით.
ასეთია ჩემი ამბავი -
მკვდარი წყალი ვარ.
წყურვილით მოვკვდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი