გამარჯობა, ჩემო პირველო მკვდარო ..
გამარჯობა, ჩემო პირველო მკვდარო. აქ ზამთარია, თოვლი მოვიდა, და არავინ მყავს შენ გარდა, რომ ველაპარაკო. ზამთარია, თოვლი მოვიდა. ვდგავარ ღია ფანჯარასთან და არ მახსოვს, ვინ მასწავლა სიყვარული. ცუდად მასწავლა: ჯერ ვკლავ, მერე მიყვარდება. როცა უარი ვთქვი შენს გაჩენაზე, არავის უფიქრია, რომ ამით ქვეყანა დაიქცეოდა. ჩვეულებრივი ამბავია, ვის არ მოსვლია – ახლა ამის დრო არ არის და არ აჩენ. მე კი ვფიქრობ, როგორ გაპატიო, რომ არ იყვირე მაშინ. მინდა, გავბრაზდე შენზე. აქამდე არავის ვიცნობდი, ჩემზე ნაკლებად რომ ყვარებოდა სიცოცხლე. ვდგავარ ღია ფანჯარასთან და ვხედავ, მოდის კაცი, მოდის თოვლში, მოირწევა. არც მამაჩემია, არც მამაშენი, არცერთი ის კაცი, ვინც შეიძლებოდა მე და შენ გვყვარებოდა. უბრალოდ კაცია, რომელიც წუხელ არაყს სვამდა, და ფიქრობდა ალბათ თავის მკვდრებზე, ვინც ამ ზამთარს ვერ მოესწრო. ვხედავ და ვფიქრობ, რომ სადღაც, მეორე სიჩუმეში, შენნაირი მკვდრები იხსენებენ თავის ცოცხლებს, ვინც მათ თავს ვერ მოესწრო. მე როცა მინდება მოვკვდე, არ ვფიქრობ, რომ ამით ქვეყანა დაიქცევა. ვიცი, ჩვეულებრივი ამბავია: იცხოვრებ, მოკვდები. თანაც, შენგან განსხვავებით, მე ალბათ საფლავიც მექნება და დამტირებელიც მეყოლება, ვინმე ისეთი, ვინც ჩემს შეყვარებას სიცოცხლეშივე მოახერხებს. ზამთარია, თოვლი მოვიდა. და ვფიქრობ, რომ ეს სითეთრე ჰგავს იმ დღეებს, როცა მე და შენ უარი ვთქვით ერთმანეთზე. ახლა კი ვდგავართ ორ თოვლში და ვლაპარაკობთ, ვინ აპატიებს პირველი. ზამთარია, თოვლი მოვიდა. და არავინ მყავს შენ გარდა, რომ ველაპარაკო. ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ კარგი დედა ვარ, და ყველა ცოცხალს ხშირად შენთან ლაპარაკი მირჩევნია. ზამთარია, თოვლი მოვიდა. ვდგავარ ღია ფანჯარასთან და არ ვიცი, როგორ დავიბრუნო ცხოვრება. თოვლმა ჩააქრო ყველაფერი: ძაღლების ყეფა, ხევები და მდინარეები. თითქმის ისეთი სიჩუმეა, როგორც შენი არგაჩენის ღამეს. მთავარია, მე არ ვიყვირო. მთავარია, მე არ ვიყვირო. მთავარია, მე არ ვიყვირო: თოვლში უფრო ხმამაღლა ისმის მგლების ყმუილი და კარგი დედების აუხდენელი სიყვარული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
zalian momewona