შევხვდეთ, კარგი ..


შევხვდეთ, კარგი. 
რვის მერე, საღამოს.
ალბათ ცოტას შევიგვიანებ-
ვერ შევძლებ, ვიყო საკმარისად ლამაზი 
და დაბინდებას დაველოდები.
შემინახე თეფშით ერთი ნაჭერი მზე,
მთლიანად არ შეჭამო.
მოვალ.
გამომიჩოჩე მსუბუქი სიმთვრალის სკამი,
ჩამსვი და დამარწიე.
სუნთქვა მომიფათურე.
არ შეიმჩნიო, თვალები რომ მცვივა
და კალთაში მიგროვდება.
ყველა ნაოჭი წავიშალე სახეზე,
ყველა თითი გავაფრთხილე, -
აღარ იკანკალებენ.
მგონი უნდა მოგეწონო,
იქნებ სულაც შეგიყვარდე:
აი რა ფერადი თმა მაქვს.
ნახე, როგორ მიხდება ჩემი თავი.
ხომ არ ვარ მეტისმეტად ფერმკრთალი?
ხომ არ მეტყობა, დღეს რომ თავი მოვიკალი?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი