აშექალის ქორწილი


ხვარამზეობა 2012

ორი ბუ კივის ორი გორიდან,
ორი სახლი გაჰკივის ერთმანეთს:
-წავიდა აშექალი?
-წავიდა, წავიდა...
მისი სახელი მთვარესავით კიდია ცაში.
წავიდა აშექალი, შიშინებს ჭინჭარი
და ჩემს სიყრუეზე კბილები აცვდება.
ვზივარ, ჩამწვარი ნაღვერდალივით ნაწილ-ნაწილ მეშლება თავი.
წევს აშექალი. მშვიდი და შავი.

ღამეს გაგითენებ, აშექალო.
ისე დაგიჯდები, როგორც კრუხი
და ქოთქოთით დავაფრთხობ ლანდებს,
შენს გასათრევად გამოშვერილ შავ ფრჩხილებს რომ ჩამომისვამენ.
ღამეს გაგითენებ, აშექალო.
გიამბობ, როგორ შემეკრა ყელში მწკლარტე სუნთქვად
უშენო, ცარიელი ქვეყანა.

...

როგორ მივაყუდეთ თავები ერთმანეთს, აშექალო...
ბალახში ფუტკარივით იჯექი თმაყვითელი,
შენს თვალებს ვამღვრევდი, როგორც ლურჯ გუბეებს.
შიშველ ტერფებს ძირს დაყრილ მაყვალში ვისრესდი.
მკერდამდე გაწვდენდი თავს.
მაყვლიან პირს მომწმენდდი ჭრელი კაბის კალთით,
ქალი ხარო, სირცხვილიაო, ამბობდი.
წვრილ ხელებს მომხვევდი-
ჩემო დობილო, უნდა იცეკვო ჩემს ქორწილში,
ჩემო ასკილო,- მეუბნებოდი.
მინდვრის ყვავილებივით ობოლი დობილები,
მე და შენ- მზეთვალები.

ახლა ნახე შენი სიცილი, შენი სიცოცხლე,
ხმელ პიტნასავით ჩაფშვნეტილი წყლიან ჯამში,
ჩემი კაბის ნახევს რომ ვაწებ და სახეს გიწმენდ.
თავს ვერ მოვუყრი შენს გახსნილ ტუჩებს-
ნამაყვლარივით შეგხმობია მათზე სიკვდილი.
ვზივარ. ჩემს ფეხებს შენი ჭუჭყის ჭიანჭველები ესევიან
და მლაშე პურის კვერებივით გიცხობ ნელ-ნელა
საგზლად წასაღებ დამშრალ ცრემლში გაბანილ სიტყვებს.

წავიდა აშექალი, მითხრეს, შენი ობოლი დობილი.
გამოკეტა კარი და გზას დაადგა.
ლურჯი ნარი ღელავდა მინდორზე
და ჩემი წითელი წვივები
ზღვაში დაკარგულ ნიჩბებივით ტივტივებდნენ.
წვიმდა.
წავიდა აშექალი.
სისხლი მდიოდა კაბის ქვეშ. გავრბოდი.
იქნებ მომესწრო მაინც და მეთქვა...
სველი თმის კონით მცემდა ბალახი.
გავრბოდი, გზაზე ლღვებოდა აშექალის ზურგი,
ქვამარილივით მიდნებოდა თვალებში.

ვიწმენდდი ტუჩებს, აშექალო.
ქრისტესისხლას წვენით ვიწმენდდი ტუჩებს:
გადამეწმინდა უნდა ნაკოცნი.
უნდა მომესწრო შენთვის და მეთქვა:
ამომთხარე, ამომიბრუნე ფესვები,
მიწასავით ჩამომფერთხე მისი ხელების კვალი და წაიღე, წაიღე...
ნეტა მოგიკვდეს შენი თვალჭრელი დობილი, აშექალო.
შენი გულჭრელი დობილი.
შენი კაცის თვალების ქურდი,
შენი კაცის ტუჩების მძარცველი.
შენს კვალს ამოვუკოცნიდი, აშექალო, ცეცხლის ზღვა მივლიდა მუცელში.
ეკალი გამოვისხი, ავყვავდი.
გვიან დაინახე შენი დამწიფებული ასკილი, აშექალო...

...

ისე წევხარ, თითქოს სული მოითქვი სულეთის მინდვრების დედამ.
გიგროვებია ველური მარწყვი, თავსვილას ღეროზე აგისხამს.
ვეღარ გიჭამია, ჩაგჭყლეტია ხელებში.
მე თუ მხედავდი, მას თუ ხედავდი ისევ, აშექალო,
ისეთი ფერი ადევს შენს სიკვდილს,
ღია პირიდან დასიებულ ენასავით რომ გამოგჩრია.

თუ ხედავდი, ხევის პირს რომ დამეწია და
ყურთან ჩურჩულით მომიგერია წვიმის თითები,
მითხრა: წავიდეს აშექალი.
ახლა აღარ მოვეფარებით ბუჩქებს,
აღარ დაგიკენკავს შიშველ ტანს ეკალი,
ვეღარ დაგვინახავს- მშვიდად ვაჭამოთ მარწყვი ერთმანეთს.
წითელი წყალი დამალევინე შენი კანიდან.
ჩემი ენა და მკლავები მოიხვიე,
თვალების ტყვიას რომ დაგაყრის აშექალი.

...

სანამ ჭოტივით ტყეებს გაჰკივის თმაყვითელი შენი დობილი,
სანამ ხევსგაღმა შავი თვალივით ბრმავდება მისი ცარიელი სახლი,
წადი, იცეკვე, გვერდზე დაისვი მისი დანიშნული,
გადაიხადე ქორწილი, მითხრეს.

...

ჩამობერებულა შენი სამოსიც.
შენი სიმარტოვის სიმწარეს დაუფხავებია.
წევხარ, ნათელი გადაგდის შუბლზე.
ტუჩებს დაგადებ ღია თვალებზე მოცვეთილ ნისკარტივით,
ზიზღის ნაოჭებს ჩამოგწმენდ სახიდან-
მიყურე,
რამდენი წელია, არ გინახავს შენი დობილი,
ჩემს ჩრდილს ხედავდი და წყევლიდი.
ჩემს კვალს ნაცარს აყრიდი და ისე გაივლიდი.
მინდა, დამლოცო,
ერთი სიტყვა გადმოაფურთხო საჩემოდ და დამლოცო ასე:
მოკვდი, მოკვდი, ათასი წლის ყვავო.

...

იქნებ მართლა ტყეში იჯექი,
იქნებ მართლა ტყეში იცხოვრე ის სამი წელი.
მგელმა გააჩინა, ამბობდნენ შენზე.
იქნებ აშექალი მგლის ლეკვებს აჩენს, ვფიქრობდი მე
და ისინი ყმუიან ღამღამობით,
როცა კაცტიალის ხელები ტანს მიწვავენ.
ტყის სულად იქეცი და ნისლის თვალებად.
ყველაზე მაღალ ხეზე შემოჯდებოდი ჩხიკვად ქცეული და გვწყევლიდი.
და როცა ერთმანეთი სიძულვილამდე შევიყვარეთ,
გაიხსენე ზურგიდან კუზივით ჩამოწყვეტილი შენი სახლი.
ხევს გაღმა მჯდარი მაჯლაჯუნა.
როცა დაბრუნდი,
წისქვილის ქვასავით დაბრუნდი ჩემს თავზე, აშექალო.
და აჰა, ვისხდეთ ეხლა,
დღედამდნარი და თავდამდნარი,
ზოგი ცოცხალი და ზოგი მკვდარი.

...

ხევის ერთ მხარეს, გორის წვერზე, ობობასავით ზის შენი სახლი,
მწვანე ქსელივით გადმოშლის ეზოს.
მეორე მხარეს ჭიანჭველების ბუდესავით ფუთფუთებს
ჩემი ათასი შეშლილი თავით გამოტენილი მშიშარა ქოხი,
პერანგივით რომ შემოვიცვითე.
სხედან სახლები, როგორც უმძრახი ბუები.
როგორც მკვდარი კუნძულები ნისლში.
სხედან, უკვე ასი წელია.

...

რა ქალია აშექალი, მითხრეს.
ლამაზი.
კაცის თვალს ღილივით აიწყვეტს მკერდიდან,
გაივლის, ჩაწვავს, ჩანაცრავს მიწას,
მზეს ვაშლივით ჩამოამწიფებს.
თვალები უნდა დავთხარო.
სისხლი უნდა გამოვწოვო ჩემ კაცტიალს,
ტანში უზის თმაყვითელი.

ძაღლო.
ძაღლივით ითრიე ჩემი ძვლები, ჩემი ძარღვები-
მზეზე ფარდაგივით გადმოფინა ენა აშექალმა.
შეჯდა თავის დაყრუებულ სახლში, როგორც მარტოხელა ბაყაყი.
ქვებს თუ გააჩენს, გველებს თუ გააჩენს მაგის მუცელი,
ეგ ბერწი ძაღლი-
ამბობს ჩემზე.

თავებს აწყვეტს და უმად ჭამს ქათმებს აშექალი, მითხრეს.
შესალოცად დაჰყავთ ბალღები მასთან.
გამოულოცავს ავი თვალისას.

მიშველე, აშექალო...
ნეტა ხევში დამაგორებინა ეს კაცტიალი.
ზის და შენი სიტყვის სუნით მყრალდება.
მის ნაჭამს ვჭამ, მის კოვზს ვლოკავ. მის ნაპირალ ჯამს ვიყუდებ-
შენი გემო მოჰყვება, აშექალო.
იქნებ შემილოცო. სიზმარი ამესია:
სამი ბალღი თამაშობს მინდორში.
შენ ჩემი კაცი ხარ, ამბობს აშექალი.
მე და შენ ქორწილი გვექნება, ეს იცეკვებს.
ვცეკვავ, ისინი გვირგვინებს იდგამენ.
აშექალი თითის წვერებზე აიწევა და ყელში კოცნის.
ვცეკვავ, ძილის მზეში ცეცხლივით ღვივდება თქვენი ქორწილი.
ვიღვიძებ, ყელზე ნაკოცნს ვუძებნი-
ხელის კვრით მიშორებს კაცტიალი.
შემილოცე, აშექალო, ჩემი ავი თვალისა,
ჩემი შავი გულისა.
ისე გავიყარე გულში შენთვის მოპარული წლები,
როგორც ჟანგიანი საქსოვი ჩხირები-
ნახევრად ამოქსოვილ წინდასავით ცალ ფეხზე ძლივს ამომეტია ცხოვრება.

...

გაგხადე. ლურჯი ჩურჩულივით გაშეშებულან შენს ტანზე ძარღვები.
ყინულის თხელი, გრძელი ლოდივით წევხარ და იქნებ გათენებამდე არ დამიდნე.
შეგმოსავ ახლა სადედოფლოდ, ჩემო დობილო,
ქორწილი უნდა გადაგიხადო.

...

ხმელი კაკლის ხეები ნისლში ტოტებს ფარჩხავენ.
ცას ჩამოიცვამენ, წვიმის სისხლს ადენენ.
ჩემი კაცის ფეხის კვალი გიშრის მძივივით შემოუვლის შენს ეზოს.

უნდა დაგწეოდი მაშინ და მეთქვა-
აჰა, შენი იყოს.
სისხლი მდიოდა კაბის ქვეშ.
ლურჯი ნარის კივილს სველი აპკი უსკდებოდა მინდორზე-
წავიდა აშექალი. წავიდა სისინით-
ეხლა გაჭამოს მარწყვი ხელისგულიდან,
მესამის ბნელი ვნების ბოსელში გაცხოვროს...

ჩემი კაბის სახელოები ტყუპ-ტყუპად აჩენდნენ შენს ხელებს.
იზრდებოდნენ ისინი, ყვაოდნენ
აშექალის წვრილი, გრძელი ხელის მტევნები.
ყელს უღეღდნენ კაცტიალს,
გულის თავზე ემარხებოდნენ.
ვერ ვაჩერებდი.
ავიღებდი ხელებს, კუნძზე დავაწყობდი,
ქვით ვცემდი, ვჭყლეტდი, ვჟეჟავდი,
ჩიტებივით ვხოცავდი,
ყაყაჩოს ფურცლებივით მცვიოდა ფრჩხილები.

ცეცხლივით მენთო სახეზე აშექალის ტუჩები.
დაგვალულ თიხა-მიწასავით სკდებოდნენ ისინი
და ვერაფრით იკლავდნენ წყურვილს ჩემი კაცისას.

ჩემი თმა ქერის ყანასავით შრიალებდა და ფერს იცვლიდა.
დილას ვიკრეჭდი და ღამე ისევ ამომდიოდა აშექალის თმა.
ჩემი ფეხები ბატკნებივით დასდევდნენ კაცს უკან,
და ერთხელაც ბასრი ცელის პირი
ასე ამოვისვი მარცხენა კოჭზე, როგორც შენი გალესილი ენა, აშექალო,
ამოვიჭერი.

ვიხდენ სიკოჭლეს,
სიგიჟის ნელ ცეცხლზე ჯოხზე წამოცმულ სოკოსავით წავტუსავ დღეებს.
წლებს ისე დავიმატებ, როგორც მატყლს საზამთრო საბანში,
ჩემი კანის ჭკნობაში ჩავთბები შემრეშილი ხილივით.
დავჯდები. თამბაქოს ტოტებს ჩავყრი ღადარში,
თვალებს მივუშვერ დასაბრმავებლად
და გულდაგლეჯილს ბნელი ტყიდან მომისვენებენ.
შავი თავშალი დაიხვიე, აშექალო.
მოგვიკვდა.
ლოდივით მიდევს ჩვენი კაცი.
მგლის ეშვი ამოაფურთხა გადაფლეთილი გულიდან.

...

ყოფილა აშექალი, მითხრეს.
ყოფილა კაცტიალის ტირილში.
ბოსლის უკან ჯოხზე დაყუდებულა,
თვალები ყორის ქვებს შუა გაუჩრია,
ქუსლით უზელია ნეხვის გუნდა,
როგორც ჩემი სახელი,
ხმა დიყის თესლივით გამოუფშვნეტია კბილებს შორის,
ნიშა მოზვრისთვის ხელი შუბლზე დაუყოლებია, სანამ დაკლავდნენ
და მიბრუნებულა. თავაღერილი წასულა.
მზედ ჩასულა გორისპირზე ხევში აშექალი.

...

ფარდაგში გაახვიეს. წაიღეს, დაფლეს.
მივალ, ჯოხს დავეყუდები, შორიდან გავხედავ საფლავს.
მიხვალ, თავთან ჩაყუდებულ ქვას ხელს დაადებ.
გაშლილი ლოგინივით გველოდება მე და შენ მისი საფლავი.

ავდგეთ, ჩავიცვათ, ავისხათ საქორწილო სამკაული,
წევს მატლის მძივ-ღილით მორთული ჩვენი ნეფე,
ტანზე ჩემი ნაქარგი ტალავარივით აცვდება მიწა.

...

წავიდა სოფელი. გალოკილ თითებივით დაგვტოვა,
ჩვენი ვნების დარაჯები.
წავიდა, ერთმანეთს მიბჯენილი,
სასროლად მომართული თოფის ლულებივით დატოვა ჩვენი სახლები.
წავიდა კაცის ფეხი ძაფივით ამოსახვევ ბილიკებიდან.
შემოუსვლელი კაკლის ლებნებივით შავად დაჭლექილი დღეები დამიდგა.
ნისლში გადავყარეთ თვალები-მაშხალები,
ვესროლეთ ერთმანეთს მე და აშექალმა.

ბოლი ამოდის ჩემი სახლიდან, ბოლი ამოდის მისი სახლიდან.
ბოლი ამოგვდის მე და აშექალს.
ხელს გამოყოფს შეხსნილი კარიდან, ნაცარს გადმოყრის, ფურთხს მოაყოლებს.
ფესვივით თეთრია აშექალის ხელი.

ნისლი კაცივით დადის სოფელში.
გამოვალ, გამხმარ ფეხს ავითრევ, გავხედავ-
ისე შემორჩნენ ქოხები სოფელს,
როგორც საფიხვნოს ყრუ-მუნჯები.
შავ-შავ მეჭეჭებს გამომაყრის
ხევის წყალში თავჩამხრჩვალი მათი სიჩუმე.
აჰა, აჩქამდა ჩემი ბერწი მუცელი, აშექალო.
ქვირითივით დაყარა სიკვდილი.

გორდაგორ მოვიდა, წყალდაწყალ მოვიდა სიბერე.
სველი ფოთოლივით აგვეკრო კაბაზე.
ისე გვაბია ერთმანეთი, როგორც დამხმარი კიდურები,
წლებს ჯოხებივით დავიარგნებთ,
თოვლში გავკვალავთ უთქმელ სიტყვებს, სიზმრებს გადავცვლით.
დავსხდებით, როგორც ერთმანეთის წყევლაში კბილებდაცვეთილი
სიმარტოვის და სიკვდილის დედები.
ორი ბებერი ნეხვის ხოჭო,
ძილ-ღვიძილის გასაყარზე მიჩუტულ დღეებს რომ ასორსოლავებს.
ჩვენი სახლები აკვნებივით გვირწევენ სხეულებს,
ზღურბლის წაკვრით გვაქანავებენ.
ისე მოგვიჯდა ცხოვრება,
როგორც ციცა უპატრონო ცხედრების სუფრას,
ამოგვიჭამა თვალები.

...

ეკალს იწეწავს მინდორში ნარი.
ჩემი შიშის სისხლი ჩამოსდის.
შენმა სახლმა ბოლის ბოლო ყლუპი ჩაყლაპა.
ვზივარ, დაბლანტებულ თვალებს ფანჯარას ვაჭყლეტ,
ღამე ტალახივით ჩამომდის სახეზე.
ჩემი კაკლის ხე დილის ნისლში ყვავებს ისხამს და შავად ამწიფებს.
წავიდა აშექალი, ჩხავიან ისინი.
თვალის ბროლივით ჩაიტეხა ფანჯარა სახლმა,
დამპალი ფილტვებიდან ქალი კვამლივით ამოუშვა.
წავიდა აშექალი, კივის იელი გორიდან.
ჩემი დობილი აშექალი.
ნაცრის ცომივით გავზილე ის დღე.
ჭვარტლით გამივსო პირი შენმა სახელმა.
ვერ დავიძახე.
სხედან ყვავები და ყროლდებიან:
შენ დობილ აშექალს თავი სამიწედ ჩაულაგებია და წასულა, ბებერო.
როცა დაღამდა, ჩიფჩიფით გავიარე ეშმათ ბუდედ ქცეული ხევი.
და გამხმარი ფეხი სიკვდილის ჯოხივით შემოვდგი ეზოში.
კარი შემოვხსენი. გნახე.

ღამეს გითენებ, აშექალო.
კრუხივით ვზივარ შენი ბოლო სიზმრის ბუდეში
და ჩვენი დობის დალაყებული კვერცხებიდან
უსუსურ ხილვებს ტყუპ-ტყუპად ვჩეკავ.
გიამბობ, როგორ გამიფაფდა ცა მღვრიე ნისლში,
სიძულვილის ჩირქში დამბალი გამოსაცვლელ სახვევივით ჩამილპა სული.
და ჩემი თავი ნაწილ-ნაწილ, კიდურ-კიდურ ვკაფე და ვკალი.

...

მორთული. მშვენიერი ცისკრის სხივებს გამოშლი შუბლიდან.
აიშლებიან შენს კაბაზე აყვავებული ჩრჩილის პეპლები.
მსუბუქი ხარ.
კარგად გამოგახმო სამიწე ჩირად ცხოვრებამ.
მარხილს მოგითრევ, როგორც ტახტრევანს,
დაგაბრძანებ-
ქორწილი უნდა გადაგიხადო.

როცა გათენდა,
გავამოქცეულ ვირივით შევები მარხილში.
წავიბჯინე წერაქვი, ტარში სისხლად რომ ჩასდგომია კაცის ოფლი.
წინ გავირეკე ფეხები ჩემი მუხლების დედინაცვალმა.
მე და მარხილი ხმაშეწყობით ვჭრიალებთ, ვმღერით-
მოგვყავს დედოფალი აშექალი.
მიწავ, დაგვახვედრე ფერადი სეფა -
საქორწილო სუფრად გაშლილი საფლავები.

კიდევ ყოფილა მზე საჩვენოდ, ნახე...
რამდენი ხანი ვლპებოდით ნისლში.
ნახე, რა დღეა. საზეიმოდ მოირთო სამზეო.
მოდის აშექალი, ღელავენ გვირილები, კაბებს ისწორებენ,
მაგრამ შენ უფრო მშვენიერი ხარ.
ფრთებივით გადმოშლი ხელებს მარხილიდან,
ჭიამაიებს ბეჭდებივით აისხამ თითებზე.
თავზე შემოუდგამთ თეთრი გვირგვინები-
აშექალის ქორწილში მიდიან კენკეშები.
მაგრამ შენ უფრო მშვენიერი ხარ-
შარავანდედივით მოგდევს შენი თეთრი,
ბალახზე გადმოშლილი თმა,
თოვლი ყვავილივით შეგინახავს შავი თავშლის ქვეშ.
მოჰყავთ მინდვრებს კესანე-თვალები აშექალის მაყრებად,
მაგრამ მისი თვალები უფრო ლურჯია,
უპეები გამოუვსია ცის ნატეხებით.
ხევში ბუერის დაფდაფებს დაჰკრავენ ნემსიყლაპიები,
სვინტრი მსუბუქ ზანზალაკებს ააწკრიალებს-
მოდის აშექალი, მღერიან.

ახლა უნდა მეყოს ძალა და შუა გზაში არ გამითავდეს ჩემი თავი.
ბალახს უნდა წავებღაუჭო,
რამდენჯერმე პირით დავღერღო ფეხქვეშ ჩაშლილი თეთრი ქვიშა,
ავებღატო მზის კვალს ხვლიკივით და გორის წვერზე დაგაბრძანო.
აქ წევს. ძირხვენად ამოზრდია თავიდან შენთვის უთქმელი სიყვარული, აშექალო.
ბოლომდე რომ ვერ მოინელა.
ჯერ ეკლებს გავგლეჯ. მერე გავთხრი.
მზე მწყერივით იფართხალებს ჩემი თავშლის ქვეშ.
წერაქვის წვერზე შემომიჯდება და თვალებიდან გამომწოვს
სიცოცხლის რძეს.
თეთრი მარილით დამეფარება ტანი.

მოდი, აშექალო. ნახე, აქ არის.
გადავაფხრეწ სახის ძვლებზე ჩაფრენილ ფარდაგს.
სისხლიან ხელებს ჯამებივით შევუშვერ
მისი ხორხიდან შავ სიცილად ამოშლილ მიწას.
წევს კაცი. ისე ლამაზი. როგორც დილის ცისპირი.
წევს კაცი. ნახე, რა ახალგაზრდა ყოფილა.
მისთვის უკვე ბებრები ვართ, იქნებ კიდეც დაგვიწუნოს.
გულიდან მიწას გადავფერთხავ და დაგაწვენ.
ჩემ კაცთან დაგაწვენ, აშექალო.
პირქვე ჩაგაწვენ-
ჩაუკოცნო გველის დახრული ყვრიმალები.
ჩაეშალო, ჩაებნიო გულ-მკერდით,
ჩემი ღვიძლის თაფლივით ჩადნე მიწაში.

თვალებს იფშვნეტენ ღიღილოები,
ღოლოს ფოთლები ცისკენ აშვერილ ენებივით სავსავებენ,
ხავსიანი ლოდები გადაიყარეს გულიდან საფლავებმა და წამოსხდნენ,
წამოიშალნენ,
ჩემს სანახავად მოჯარდნენ მკვდრები-
უნდა ვიცეკვო აშექალის ქორწილში.

მოვიძვრე შავი თვშალი და ფეხით გავსრისე, როგორც ჯოჯო.
სისინით ჩასრიალდა ღია საფლავში.
ამომხედეთ, ამომძახეთ საქორწილო სიმღერა.
ვიცეკვებ.
თმა ჩამოვშალე.
მწვანე თმა მაქვს, თამბაქოსფერი, ნახეთ.
ყვითლად ამდის სიბერის ბოლი.
ოქროს კვერთხივით შევმართავ ჯოხს, დავიკივლებ
და ჩემი გამხმარი, კუნთწათლილი ფეხი
იელის ყვავილს გამოისხამს.
დავტრიალდები, დავიხვევ ფუტკრებს,
ცას ჩამოვხევ ფრჩხილებით,
ბალახს დავთელავ, მარწყვს ამოვსრეს თქვენს სუფრაზე დამწიფებულს.
ნახე, აშექალო, ლამაზები ვართ, როგორც ბალღები,
ფიჭვის ტოტებქვეშ მომღრლები ფერად ჭალაში.
ჩამოვიცვათ თავზე გვირგვინები ავადმყოფი ნარის ყვავილების.
ისე ვიმღეროთ მე და შენ,
არ გაირჩეოდეს დღე და ღამე,
მზე და უკუნი.
ისე ვიცეკვოთ მე და შენ,
ვერავინ გაიგოს, რომელია ჩვენს შორის ცოცხალი,
რომელია ჩვენს შორის მკვდარი.

წავიდა აშექალი- ვიმღერებ,
ჩემი დობილი აშექალი გულზე ასკილს აიყვავებს.
ჩემი დობილი აშექალი ასკილივით ამომდის გულიდან და ყვავის..

დავთვერი, აშექალო. შენი სიკვდილის ღვინო ვსვი.
მზესავით გამისკდი მუცელში.
სამისთვის ვშლიდი ლოგინს, სამისთვის ვთხარე საფლავი.
ფესვებივით მეზრდება თითები, მიწას ეჭიდებიან,
ისევ თქვენთან მოძვრებიან დაწყევლილები.
ვერ დავხოცე ისინი, აშექალო.
მარტო ჩემს შვილებს ვხოცავდი.

მოდი, თავები გავცვალოთ, აშექალო-
მე მკვდარი ვივლი, შენ ცოცხალს დაგმარხავ.
მიწით მუცელს ამოვივსებ შენს ქორწილში მოცეკვავე.
მოდი, გავცვალოთ, აშექალო-
დამიტოვე შენი მკლავები,
ფრთებივით დავიქნიო,
კაკლის ხეზე შემოვჯდე
და სამასი წელი, სამჯერ სამასი წელი
შავ მზესავით ვიჩხავლო ნისლში:
წავიდა აშექალი, წავიდა...
ძვლებში გამოიკრა ჩემი ცხოვრება და წაიღო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი