შენ კი ადექი და არ შემიყვარე ..


შენ კი ადექი და არ შემიყვარე.
ისე უბრალოდ, თითქოს ჩაი დაისხი და შაქარი არ ჩაყარე.
ისე უბრალოდ, თითქოს იწვიმა,
შენ საწვიმარი მოიხურე, მაღალყელიანი ჩექმები ჩაიცვი,
შემოიარე მთელი ქვეყანა, გამოიომე ქარიშხლები
და სახლში ისე მშვიდად მიხვედი,
ერთი წვეთიც არ დაგცემია.
შენ ადექი და არ შემიყვარე.
ისე, თითქოს ბალახი მოთიბე,
ძირს გაშლილ ყვავილებს ფეხი დააბიჯე
და მშვიდად უყურებდი, როგორ ათოვდა თივის ზვინებს
მთელი ზამთარი.
შენ ადექი და არ შემიყვარე.
თითქოს ტყეში წახვედი და ყველაზე ტანწვრილი ხე მოჭერი.
მერე ელოდებოდი, როდის დაუშრებოდა წვენი,
როდის გაუხმებოდა ტოტები,
როდის იქცეოდა შეშად,
რომ მშვიდად დაგეწვა და მუხლები მიგეშვირა,
სანამ გაზაფხული დადგებოდა.
შენ ადექი და არ შემიყვარე.
ისე, თითქოს სანადიროდ წახვედი,
ირემი მოკალი,
და შენი დამზრალი ტერფების დასაწყობად
ბუხართან გაფინე მისი ტყავი,
როგორც გადამფრენი ჩიტების ფრთებქვეშ
შემოდგომაშეყრილი ტყეების ჩრდილი.
შენ ადექი და არ შემიყვარე.
ისე, თითქოს კედელზე ლურსმანი მიაჭედე,
და ზედ ჩამოკიდე ყველა წვიმა, რომელშიც არ დასველდი;
ყველა თივად ქცეული ყვავილი;
ყველა მოკლული ხე
და მოჭრილი ირემი;
ყველა თოვლი და ყველა ის გაზაფხული,
კარქვეშ უნებართვოდ შემოცოცებულებს
წაუკითხავად რომ ისროდი ფანჯრიდან.
მე კი ავდექი და შეგიყვარე.
ისე, თითქოს გავიღვიძე და ჩემი თავი აღარ დამხვდა.
ისე, თითქოს დავიბადე და ცხოვრება არ დამხვდა.
ისე, თითქოს შუბლი გამიხვრიტეს და არ მოვკვდი.
ისე, თითქოს მკვდარი გავცოცხლდი და არავის გაუკვირდა.
და მე ავდექი და შეგიყვარე.
ისე, თითქოს შვილის ნაცვლად ის ლურსმანი გავაჩინე,
შენი არშეყვარებები რომ ჩამოგეკიდებინა.
ისე, თითქოს
სიყვარული მომიკვდა,
და მე ავდექი,
თოვლი ჩამოვიბერტყე და
მკვდრის მაგივრად საფლავი დავმარხე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი