ბებიაჩემის ნახშირის უთო


ბებიაჩემის ნახშირის უთო სამოგზაუროდ წავიდა.
ჩუმად ჩამოძვრა ჩემი ნაცრისფერი სიმშვიდის სხვენიდან,
სამკუთხედი ცხვირის სრუტუნით გამირღვია ცარიელი სიზმრების ნისლი,
ეზოს კარი გაიჭრიალა
და შემოდგომის ფერდობებს აუყვა.

ბილიკზე ღამის შავი მარცვლები სველ ქვიშაში ჩაჭყლიტა,
პანტით გაუვსო თრთვილის პერანგის ჯიბეები
კუნელის ბუჩქებაჩეჩილ დილას,
ჩააკნაწუნა დაბრაწული ნეკერჩხლის ფოთლები,
ჩაიტკბარუნა წითელი ცირცელის მარცვლები
და ნაზაფხულარ ცაზე აბობღდა.
მშვიდად გაიარა რამდენიმე ღრუბლისქვეშა გადასასვლელი,
მზე ჩაკბიჩა ასწლიანი შიმშილის სიხარბით,
ცხელ-ცხელი, მწიფე ვარსკვლავებით გაივსო მუცელი
და დამძიმებულს გამჭვირვალე ყინულივით ჩაუტყდა ცა.
ვერც გაიგო, ისე ჩავარდა ჩრდილების ქვეყანაში.
აუფრთხიალდნენ ჟანგის წითელი ყვავილები,
აუყვავილდნენ ბებიაჩემის ჩრდილის ხელები,
და მხურვალე და მზენაჭამი
ყველაზე ჭრელი ჩრდილის ჩრდილში დასახლდა.

ზის, სიცოცხლის სიცილად სცვივა
ჩემი ძილიდან აცინცლული ცისფერი სინათლის ნაპერწკლები,
მოჰყავთ მასთან ავადმყოფი, დაჭმუჭნული ჩრდილები,
ასწორებს და ატკიცინებს,
ჩარღვეულ კალთებს ჩემი ხელების ლანდებით უბლანდავს.
ერთი ჩრდილიც არ დაბერებულა,
ერთი ჩრდილიც კი არ მომკვდარა,
და ვერც გაიგო, ისე იცხოვრა სამუდამო ზაფხულის ასი თვალის დახამხამება,
ვერც გაიგო, ისე გამევსო თმა თეთრი ჩრდილებით.

ასი ჩრდილის წელია,
მთებს შემოდგომა ჭრელი ხურჯინივით ეჩაჩებათ მხრებიდან.
ჩემი ეზოს კარებთან ჩაწყვეტილი ბილიკები იზმორებიან.
ასი ჩრდილის წელია,
მემალება ჩემი მშიშარა ჩრდილი,
სიბერის ლურჯმა მღიერებმა ნაპირები შემოუჭამეს.
კიბეზე ვზივარ, როგორც ტოტსშერჩენილი, ყუნწსმიმჭკნარი კომშების ბებია,
მშიერი თვალების ცახცახით ვხსნი ქარის მოტანილ ფოთლის ბარათებს,
ბებიაჩემის სათვალეს ვიმარჯვებ და ვკითხულობ:

ჩემო ხელებჭორფლიანო,
აჰა, ცისფერი წეროების მძივებს გიგზავნი.
მზის გუბეებში შეათბე შენი თვალების თაფლის ყვავილები,
ჩამოიწმინდე წლების ობის ყვითელი ჩუქურთმა,
მოუარე მაგ ბებერ ჩრდილს და დამელოდე,
ეცადე, არ მოკვდე,
აუცილებლად დავბრუნდები,
და როგორც ყველაზე ჭრელსიზმრიან ნეკერჩხალს,
ისე წაგიყვან სამუდამო ჩრდილების ქვეყანაში.

მიყვარხარ. გკოცნი.
შენი თვალების ნახშირის უთო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი