ქუდები მოიხადეთ, ბატონებო
ქუდები მოიხადეთ, ბატონებო, კართან ფეხები შეიწმინდეთ, თოვლი დაიბერტყეთ, შემოდით და სუფრას მოუსხედით - ახლა ფაფას ჩამოვატარებ, რძეში მოხარშულ ბრინჯის ფაფას - მოგშივდებოდათ. ასეთი ამბავია: ერთმა ლამაზმა გოგომ თავისი ოთხმოცი წელი თეთრი ყელივით მოიღერა და ბინდჩამდგარი თვალების ნავლი სიკვდილს სამუდამო სურვილად შეჰყარა. მივედი, ვნახე. როგორი გოგო ხარ, – ვუთხარი, – წევხარ. სამკვდრო სუფრით და სანთელდაკრული ქადებით მხვდები. როგორი გოგო ხარ, სუნთქვას იკავებ - უფრო წელწვრილი გამოჩნდები. როგორ ჩიოდი უსტუმრო ზამთარს - კარზე მოგადგა მთელი სოფელი. როგორი გოგო ხარ, ღაწვებს იწითლებ, სიკვდილის ტუჩებს სახალხოდ კოცნი, ღამე გატყდა და გვერდზე მოგიწვა მიწისპერანგა შავი სწორფერი, ცამაც საჩქაროდ ჩამოგიქსოვა თეთრი საკაბე – თებერვლის თოვლი, მზე დააბნელოს, ისე მოგიხდეს, გადაგეჭიმოს მკერდზე მაქმანი. როგორი გაათენე ეს დღე, შეხედე - შენმა ვაშლის ხემ ჯერაც თბილ ცხვრის ტყავში მკლავებად გაუყარა დამზრალი ტოტები. დგანან ქალები, სისხლის წვეთებზე მარილიან თვალებს იშრობენ. ცეცხლზე ხორციან ქვაბს შემოდგამენ, საგზლად ხმიადებს დაგიცხობენ. რძეში ბრინჯს ამოაფუებენ, თაფლს ჩაადნობენ ჩამტკბარ ხორბალში. ერბოში ფქვილს წამოადუღებენ, ყვითლად იღაღანებს ჯამებში ხავიწი. მიაკარით ჯამებს სანთლები, მე სუფრაზე ჩამოვატარებ. - გადაიღეთ, – სიცილით ვიტყვი, ერთმანეთს უხდება ბრინჯის ფაფა და ცხელი ხავიწი. შეურიეთ თებერვლის თეთრში ჩემი ყვითელი თვალების მდუღარე. როგორი გოგო ვარ – ჩემი თვალჭრელი სიკვდილს სადედოფლოდ გავუმზითვე. როგორი გოგო ვარ – მასპინძელი: თოვლში გაზელილი ბლანტი ზამთრის მზე სიკვდილის ქორწილის აშლილ სუფრაზე სულ სიცილით ჩამოვატარე. ვიცი, ადვილი არ იყო, მაგრამ ჩემო გოგო, ასე გადაწყვიტე, ღამე იყო და კარი გაუღე, მარტო იყავი და უარი ვერ უთხარი. ახლა გეყოლება ხმის გამცემი - სიჩუმეს ეტყვი, სიჩუმეს გიპასუხებს. ახლა გეყოლება – ძვლებს აგიჭრიალებს, უბეში ისეთი ვნებით ჩაგიხვევს. მაგის სურვილი თუ გკლავდა, რა ვიცოდი, ასეთები თუ მოგწონდა, რა ვიცოდი, როგორი გოგო ხარ – რას ვიფიქრებდი, ასეთ ბებერს თუ გაყვებოდი. როგორი გოგოა, შეხედეთ, ვამბობ, თეთრად გადახსნის ქვესკნელის დარბაზებს. ქუდები მოიხადეთ, ბატონებო, ყველა კი არ არის ასეთი ლამაზი. დაემშვიდობე, მითხარით, მიგვყავს. რა მკაცრები ხართ, ბატონებო. მივუჯექი, ღაწვების ხავერდს ცივი თითები დავაყოლე. ხელთათმანები ჩაგეცვა, ვუთხარი. ზამთარია, ცივია მიწა. იქნებ სუნთქვა ჩამოგაყოლო, იქნებ თვალები ჩამოგაყოლო და ერთად ვნახოთ ის მზედამზრალი ცამშრალი ქვეყანა. არ მესმის, ასეთი როგორ გახდი - ისე მკოცნი, არცკი მეხები. არ მესმის, ხალხი შენს მაყრიონს მესაფლავეებს რატომ ეძახის. თქვენზე ვუთხარი, ბატონებო, თქვენზე ვუთხარი. ქუდები მოიხადეთ, ყვიროდით. მიდის. მიდის, მიბრძანდება სიკვდილის პატარძალი. ახლა მობრძანდით, ბატონებო, ახლა თქვენთან ვილაპარაკებ. ახლა მობრძანდით, დაიბერტყეთ ბეჭებიდან მისი სხეული, ხელებიდან თოვლი და მიწა. მოგშივდებოდათ, ბატონებო, თქვენთვის ცალკე სუფრა გავშალე. ეს თქვენთვის არის – მისი ხელით ბუდენაქარგი ჭრელმძივდაკრული მაღალი ბოთლით ანწლის არაყი. ყოჩაღი იყო ჩვენი გოგო, ჩვენი ყოჩაღი. ლამაზი იყო ჩვენი გოგო, ჩვენი ლამაზი. ამას ვფიქრობდი, ბატონებო, რომ გაცილებდით, ხელს რომ გიქნევდით. და როცა თქვენს დახრილ ბეჭებზე შემობრძანებულმა ჩამავალმზეჩამოღვრილი მაღალი ტახტიდან ნისლის ფთილასავით მესროლა სახსოვარი - შავი, ვარდებმიქარგული თავშალი, კიდევ ერთხელ გავიფიქრე: მაინც როგორ ჰგვანან ცივ ცას მიკემსილი მძივ-თვალებით და გულზე გადაშლილი თითებით თოვლზე ფრთადაფენილ ჩიტებს მკვდარი, მარტოხელა პაპიდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი