შემოდგომის ქარებო ..


შემოდგომის ქარებო, ჩაიკეცეთ ფრთები და ჩაწექით ხევებში და მთისძირებში.
შემოდგომის ქარებო, დაიკვნიტეთ კუდები და ჩაბრუნდით მიწისქვეშეთში და წყლისქვეშეთში.
შემოდგომის ქარებო, ყვითელო გველეშაპებო. გაცურეთ ჩემი ძარღვებიდან.
წაიღეთ ჩემი ავად ყოფნა. შუბლის სიცხე და ხელების სიცივე.
დედაჩემებო,
გაიშალეთ თმები,
გაშალეთ მკლავები და შეულოცეთ შემოდგომის ქარებს.
მამაჩემებო,
ჩამომხსენით ზამთრისპირის ხეებიდან,
მომახვიეთ დათვის ტყავები და შემომიწყვეთ ურძნის ტოტები.
მე აქვე ახლოს, ბავშვობაში გადავირბენ
და ბებიაჩემის შელოცვას წამოვიღებ,
ავად ყოფნის დროს ბალიშის ქვეშ რომ მიდებდა
თამბაქოს ფოთოლში გახვეულს.
შემოდგომის ქარებო.
საკმარისი იყოს, რაც ტოტები დამემტვრა
და ფოთოლი დამცვივდა, -
წაიღეთ და წადით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი