როგორ შემიყვარდა ყვავი
მოდი, სადმე ჩამოვჯდები და მოგიყვებით, როგორ შემიყვარდა ყვავი. მინდა იცოდეთ, რომ ეს სასაცილო არ არის. მაშინ ასე გამჭვირვალე არ ვიყავი. მთელი ზამთარი ვუყურებდი მიწას და ვფიქრობდი, რომ მიწიდან ამოდის თოვლი. მთელი ზამთარი ვუყურებდი თოვლს და ვფიქრობდი, რომ თოვლიდან ამოდის ცა. მერე თვალები გამიცივდა. ისინი იყვნენ ჭირვეული ავადმყოფები. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ კვდებიან, მიყურებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ვკვდები. თვალებს თაფლს ვაჭმევდი და ისე ვასეირნებდი, თვალები თოვლით მავსებდნენ და ისე მასეირნებდნენ. მერე შევხვდით. ის ცის კიდეზე იჯდა და ზამთრის ხელებად დაგრეხილ შიშველ ხეებს ასეირნებდა. ის ჩავლილი მზის კვალზე დაფრინავდა და ცას შერჩენილ მის ნამცეცებს კენკავდა. სახლში შევედი და ვთქვი, რომ შემიყვარდა და უნდა გავყვე. მამაჩემმა მიყვირა. დედაჩემმა იტირა და მითხრა, რომ ვერ გავძლებ, რომ ჩემთვის არ არის ყვავური ცხოვრება, მაგრამ როცა ვკითხე, მაშ რომელი ცხოვრებაა ჩემთვის, ვერაფერი მიპასუხა. სამი გრძელი ღამე გადაება ერთმანეთს მერე გაუთენებლად. სახლის წინ მავთულზე ქანაობდა და ჩხაოდა ჩემი ცხოვრების მთავარი შავი ყვავი. ჩავალაგე ჩემოდანი და ფანჯრიდან გადავძვერი, როგორც წესია. დავტოვე წერილი, როგორც წესია და ჩვენი ახალი საცხოვრებელი ხის ტელეფონის ნომერი. ასე დავიწყეთ. ფრენა არ გამჭირვებია – ნიჭიერი ვარ და ყველაფერს ადვილად ვითვისებ. უძილობა ისევ მაწუხებს და ღამღამობით ჩხავილში ვვარჯიშობ. ჯერჯერობით ისევ ფერად კაბებს ვიცვამ, თუმცა ყვავი ფიქრობს, რომ ზამთრის პეიზაჟს და ყვავურ ცხოვრებას ეს არ შეეფერება. როცა ვჩხუბობთ, რომელიმე ხიდიდან ვხტები, მაგრამ ჩემს ყვავს ყველა ხიდი გაფრთხილებული ჰყავს და ისინიც ჰაერში მიჭერენ. მთავარია, ცაში არ გადავხტე. ზოგჯერ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ მივფრინავთ და მიტოვებული სახლების სიჩუმეს ვუსმენთ, მერე სადმე მინდორზე ვეშვებით და ჩემი შავი ყვავი ხერხემალზე სიყვარულის ჟრუანტელს მიკენკავს. ვიცი, განიცდის, შვილები რომ არ გვყავს და ცდილობს, არ მაგრძნობინოს, მაგრამ ზოგჯერ ზურგშექცეულს ყელთან რუხი ბუმბული უთრთის. ამ დროს ხელებს ვხვევ, მის ფრთებს მხრებზე ვიწყობ და სანამ მოხეტიალე მარტოხელა ხეები ტრიალ მინდვრებში მტირალ შეყვარებულ ყვავებზე მღერიან, ჩვენ ვცეკვავთ. ასე რატომ გავხდი? ასე რატომ გავხუნდი? რა ვიცი, ასეთია ცხოვრება. ახლა მალე დაიწყება ჩემი თვალების სეზონური ავადმყოფობა - გაზაფხულის წვიმები. ამ დროს მინდება, სადმე ჩამოვჯდე და ვინმეს ველაპარაკო, და მთელი დღეები დავფრინავ და ვყვები, როგორ შემიყვარდა შავი, მარტოხელა წერტილი ზამთრის ცაზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი