მე ვნახე სიკვდილი ..


მე ვნახე სიკვდილი ერთხელ.
იყო ზაფხული და რომელიღაც რელიგიური დღესასწაული.
მოხდა უბედური შემთხვევა:
მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი
გზას აცდა და მდინარეში ჩავარდა.
მდინარე იყო ადიდებული და მთებში გაბმული წვიმებით სავსე.
მსხვერპლი იყო დიდი:
რამდენიმე ადამიანი.
ბავშვებიც.
გარდაცვლილებს შორის იყო ახალგაზრდა ცოლ-ქმარი
და მათი რამდენიღაც თვის შვილი,
რომელიც ირწეოდა მდინარეში
და ხედავდა, როგორ ამოიყვანეს წყლიდან მისი დედა და მამა,
ხელი დაუქნიეს და წავიდნენ.
იყო რომელიღაც რელიგიური დღესასწაული,
მაგრამ არავინ წასულა სალოცავად:
ჩვენ, დანარჩენი ადამიანები,
რომლებიც გზას არ ავცდით,
წავედით წყვილის სანახავად
და ჩავდექით ტირილის რიგში.
წესია: მიცვალებულს აწვენენ მაღალ ტახტზე,
რომ ყველამ კარგად დაინახოს
და ეჭვიც არავის შეეპაროს, სწორედ ის არის მკვდარი
და არა სხვები, გარს რომ უვლიან თავების კანტურით.
მაგრამ ისინი იყვნენ ორნი,
სამუდამოდ ხელჩაკიდებულები,
და ყველა ტახტი ცულის ტარზე ვიწრო აღმოჩნდა.
და ყველაზე განიერი ოთახის ცენტრში დადგეს საწოლი.
გაშალეს ახალი თეთრეული.
ჩააწვინეს.
საწოლი იყო ხის,
მარტივი ორნამენტებით თავ-ბოლოზე.
და ნამდვილად ფართო.
ისინი იწვნენ მშვიდად, ნიკაპამდე ზეწრებაფარებულები,
ძალიან შეყვარებულები,
და იფიქრებდით, რომ არაფერი დამთავრებულა.
ჩვენ ვიდექით მორცხვად,
ისე, როგორც ბავშვობაში რომელიღაც დილას
მშობლების საძინებელში შემთხვევით შეხედვისას.
და ვყვიროდით ჩურჩულით
მათი ლურჯად დახუჭული თვალების ჩრდილში.
საწოლი იყო ნამდვილად ფართო,
და სხეულებს შორის ცარიელი ადგილი
გაფიქრებინებდათ, რომ სადაცაა ბავშვები შემოცვივდებიან
და შუაში ჩაუწვებიან.
მაგრამ ბავშვი არ იყო:
მდინარემ დაიტოვა გასაზრდელად.
სამი დღის შემდეგ გაშალეს მიწა.
გადააწვინეს.
მიწა იყო ნამდვილად ფართო
და გაფიქრებინებდათ, რომ ყველა დავეტევით.
მერე დაჭედეს ცხენები
და ძუაგამოკვანძულები აჭენეს მათ სახელზე.
დააცხვეს ქადები. დაღვარეს ღვინო.
თაფლის სანთლებს არჭობდნენ მიწაში
და უყურებდნენ ერთმანეთს ეჭვით,
ხომ არავინ დარჩათ დასამარხი.
მთელი დარჩენილი ზაფხული
ცხოვრება იყო ადიდებული
და მიცვალებულებით სავსე.
ჩვენ ვიყავით ადიდებულები
და რომელიღაც მდინარიდან ვერამოყვანილის
თევზებგამობმული ყვირილით სავსე.
გვესმოდა ნეკნების მტვრევის ხმა მიწიდან
და მდინარეებს ჩამოჰქონდათ
ახალ-ახალი რელიგიური დღესასწაულები,
როცა არავინ მიდის სალოცავად.
როცა მიწაში არჭობენ სანთლებს.
როცა არავინ იცის,
რომელი მდინარიდან გადავარდება
და რომელ გზაში დაიხრჩობა
ძუაგამოკრული ცხენების ჭიხვინში.
მე ვნახე სიკვდილი ერთხელ.
ის იყო ნამდვილად ფართო,
ისეთივე, როგორც ცხოვრება,
და ვიფიქრე, რომ ყველა დავეტევით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი