გოგოობის კანონი
პატივცემულო წესრიგის დამცველებო, დიდი კრძალვით და მცირედი ცახცახით მოგმართავთ ფრიად დელიკატური თხოვნით, და იმედია, სწორად გამიგებთ: როცა ერთ ჩვეულებრივ ზაფხულის დღეს ჩვეულებრივ ზაფხულის მზეში ერთი ჩვეულებრივი გოგო მარტო დგას ხიდზე მოაჯირზე იდაყვებდაყრდნობილი და მდორე მდინარეში თვალებს ატივტივებს, ნუ მიხვალთ მასთან ნაცრისფერი უნიფორმით და ნუ კითხავთ, აქ რას აკეთებს. შეიძლება იფიქროს, რომ დამნაშავეა, შეიძლება, დაფრთხეს და გაფრინდეს. გასაგებია, რომ თქვენ იცავთ კანონს, რომ უპირველესია საზოგადოებრივი წესრიგი, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ გოგოობის კანონით ნებისმიერ გოგოს აქვს უფლება, იდგეს ხიდზე მარტო ნაშუადღევის მდუღარე მზეში, დროდადრო წყლისკენ წაიგრძელოს თითები და თქვენს შეკითხვაზე, გადახტომას ხომ არ აპირებს, გიპასუხოთ სიჩუმე, - ყველა დიდმა გოგომ უკვე კარგად იცის, რომ აკრძალულია გაზონზე გადასვლა და წყალზე სიარული. გასაგებია, რომ თქვენ გაქვთ წესები სპეციალურად გოგოებისთვის, ზაფხულში ისინი უნდა დადიოდნენ მხოლოდ ჯგუფ-ჯგუფად ჭრელ-ჭრელი კაბებით, კიდევ უფრო სასურველია, დანარნარებდნენ, როგორც წყვილის ცალები, ძლიერ მკლავზე დაყრდნობილი მეორე ნახევრები, ან მეორე ნახევრობის კანდიდატები, თმას უნდა ისწორებდნენ ნაზი თითებით, თვალები მინაბონ, როცა ყელში კოცნიან, და სიყვარულის ჩურჩულით შეკენკილი პეპლისფრთა საყურეების რხევით ხიდის თავზე დაბერილი ღრუბლების ფონზე კრუტუნით მიირთვან ბამბის ნაყინი და ზაფხულის დღეების წებოვანი სიტკბო. მაგრამ ზოგჯერ გოგოები დადიან დაბალძირიანი სპორტული ფეხსაცმლით, იცვამენ ულამაზო, ყელდახურულ მაისურებს, თმას ცხენის კუდივით გაიკრავენ, ჩაიწყობენ ზურგჩანთებში ქვებს, ჩაილაგებენ თვალებში საფიქრებლებს, დაეხეტებიან ქალაქში, აკითხავენ ბაღებს და ხიდებს და წყალში ისვრიან სიჩუმის ანკესებს. უნდა იცოდეთ, რომ მათ აქვთ უფლება. აქვთ გოგოებს უფლება, იყოლიონ საკუთარი თავები, ასეირნონ საკუთარი ქვები, არ შეიღებონ თვალები და ტუჩები კოცნით, არ შეისწორონ თმა და უყვარდეთ ქარი და მტვერი, უყვარდეთ დაუკრეფავი ყვავილები, უყვარდეთ ცარიელი ბაღები, ცარიელი ხიდები, და ძალიან გთხოვთ, ნუ იქნებით ასეთი სასაცილოები, რაცსაჭიროაიმისკეთების უნიფორმიანო წესრიგის დამცველებო, ასებედნიერივერიქნები უნიფორმიანო წესრიგის დამცველებო, - ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერიკარგადიქნება უნიფორმიანო წესრიგის დამცველებო. გოგოს აქვს უფლება, გიპასუხოთ, რომ აქვს უფლება, ჰქონდეს ასეთი სახე. იქნებ უბრალოდ სახლში დარჩა ბედნიერი გამომეტყველება, იქნებ ჩქარობდა და უბრალოდ დაავიწყდა, აქ მოსვლამდე ვინმე შეეყვარებინა. და როცა ზაფხულის მდუღარე მზეში მარტო დგას ხიდზე, ნუ მიხვალთ მასთან არაფრისფერი უნიფორმით და ასეთი ტონით ნუ მიახლით კითხვას, რატომ უგავს თვალები დამდნარ თაფლის წვეთებს, რატომ უგავს თითები მოცახცახე ფრთისწვერებს. იქნებ არც ახსოვს, რომ გოგოა. იქნებ არც ახსოვს, რომ მარტოა. იქნებ უბრალოდ ფიქრობს, მაინც რა შეგრძნებაა, როცა ხიდის ჩრდილი ხარ, წყალზე წევხარ, ირწევი, არც ხარ, არც არ ხარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი