იქნებ დამწყევლოს ვინმემ ..


იქნებ დამწყევლოს ვინმემ და შემხვდე (შემთხვევით) ქუჩაში.
დაიხრებიან შეღამების ხეები და ხელებს ავიქნევ -
სახიდან ჩრდილი ყვავის ფრთასავით აგიფრინდეს.
შენ მოყვები, როგორ იცხოვრე, რამდენი რაღაც მოასწარი.
უჩემობაში.
მე არ მოვყვები, როგორ არ ვიცხოვრე,
როგორ არაფერი ვიყავი.
გავიცინებ და ვიტყვი, რომ არ ვგავარ
იმ ვაშლის ხეს ზამთრისპირის ნაწვიმი ბაღიდან,
მთელი წელი რომ სცვიოდა ყვავილები.
წამოვალ და გზაში ვილაპარაკებ შეხვედრაზე შეხების გარეშე,
როგორ დარჩნენ ჩემი ხელები არაფრისგრძნობის ჯიბეებში.
როგორ დარჩნენ ჩემი სიტყვები იმის ჩრდილზე,
ვისაც ვერასდროს დავუძახებ.
მე ყველაფერს სახელებს ვარქმევ.
ეს ერთი გამომერია ასეთი, -
უსახელო კაცი.
ვერაფერი დავარქვი.
როგორ უნდა დაუძახო მას, ვინც იმდენად უსახელოა,
იქნებ არც არსებობს.
ასეა: ნივთიც, ადამიანიც, ამბავიც -
სახელს თუ არ დაარქმევ, შეგიძლია ჩათვალო, რომ არც ყოფილა.
დადის ჩემი თავი უმომავლო დროში და ისევ არ თოვს,
და მე ისევ არ შემიძლია, ცაში ავიხედო და დავუძახო.
მაგრამ ვინ დაარქმევს სახელს თოვლს, რომელიც არასდროს მოდის.
ან ჩემს ცხოვრებას ვინ დაარქმევს სახელს.
ჩავამთავრებ და წავალ,
ისე, თითქოს არაფერი ყოფილა
თოვლის ლოდინში გალეული,
დაგვალული მიწის გარდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი