სევდიანები არიან ეს პოეტები ..
სევდიანები არიან ეს პოეტები, ჰო. დარდიანები დადიან. აიშენებენ ქვიშის სასახლეებს და დაათრევენ. ვეღარც ტირიან - ქვიშა სცვივათ, ქვიშა. ვერც ლაპარაკობენ - დადიან ქუჩებში და ღრიალებენ, ყმუიან ცარიელი ცისკენ. აუტანელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მათი დაობებული ლექსების სუნი. აუტანელია მათი ყურება, როცა ხვდებიან - ზურგებით ცნობენ ერთმანეთს და სახელებს ვერ იმახსოვრებენ. ისე ცხოვრობენ ერთმანეთში, როგორ ერთი მუტანტი სხეული გადაწელილი ყველა დროში და ყველა სივრცეში, სიბნელეში რომ აცეცებს კიდურებს. აუტანლები არიან, ჰო. შემზარავია მათი წერილები, უსასრულოდ რომ გზავნიან ყველა მიმართულებით ადამიანებისკენ, რომლებიც გადარჩნენ და არ დაიბადნენ პოეტებად. აუტანელია მათი სხეულები დამახინჯებული მელნისფერი სევდის ლაქებით, აუტანელია მათი სიკვდილისგემოიანი ტუჩების კოცნა. რატომ არ გადაშენდებიან საერთოდ. ეს ცისფერი დინოზავრები. რატომ არ გამოაღებენ ფანჯრებს, რატომ არ შედგებიან რაფებზე და ყველა ერთად რატომ არ დაასკდებიან პირქვე უთოვლო ტროტუარებს. რატომ დაივიწყეს მდინარეები. ჯიბეში ქვების ჩაწყობაც არ დაჭირდებათ - ქვები არიან ისედაც, ქვები. ესენი, ეს მარილის გემოიანები, ყოველ ღამე საკუთარ მუხლებს რომ ეხვევიან და თავზე ხელის გადასმა რომ უნდებათ, მხოლოდ საკუთარ ხელებს პოულობენ და საკუთარ შუბლებს იკოცნიან თვითონვე. არავინ უმალავს დანებს და თოკებს. არავინ უფრთხობს უძილობას სიყვარულის სიტყვებით. სავსეა მათი ცხოვრება არავინებით. სავსეა მათი გულები არაფრებით. სევდიანები არიან, ჰო, ეს ხეები. ხეები ესენი. არც ჩრდილი აქვთ და არც ნაყოფი. ნესტიდან ამოდიან, ობიდან და იზრდებიან მიწაში, მიწაში ყვავიან. რატომ ვერ ხვდებიან, რომ აღარ არის ყვავილების დაკრეფის დრო. რატომ არ ადგებიან და წავლენ ყველა ერთად, ერთი მიმართულებით - წაშლილი ჰორიზონტის ხაზისკენ. იქნებ იმიტომ, რომ ვერ გაიგეს და უკვე წავიდნენ. ალბათ არავინ უთხრა და ვერ გაიგეს, რომ უკვე გადაშენდნენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი