გააჩინე შვილი ..


გააჩინე შვილი, მითხრა დედაჩემმა, გააჩინე.
აბა როგორ, ვუთხარი, აბა როგორ.
ბოლო ზაფხული გავაცილე,
ჩემი ბებერი მხრები
ფოთლების თოვლისთვის დაიხარნენ.
ბებერი დაიბადება, დედი,
როგორც მე დავიბადე შენზე ათასი წლით ბებერი.
ჩემი ღამეები შეჭამენ, დედი, ჩემი აყმუვლებული მგლები.
მდინარეში ჩამივარდება, დედი,
დამეხრჩობა,
მდინარეები გადმომდის თვალებიდან.
უსუსური ბარტყივით გაძიძგნიან ჩემი კოშმარების ღვარცოფები.
შიმშილით მომიკვდება, დედი, სისხლს ხომ არ მოვაწოვებ,
ჩემი ღარიბი მკერდი კაბის უბესაც ვერ ავსებს.
სიცივით მომიკვდება, დედი, ყინულის სიტყვებს ვისვრი
და სიკვდილისწინა წვიმას ვცრი.
ქვა და ქვიშაა ჩემი სხეული, ახალ ხორცად რაღა გადაზელს.
სად მოვიკიდო დედების დარდი,
სად არის ადგილი დაგრეხილ ხერხემალზე.
დამავიწყდება, ვეუბნები,
დედა დავიძინებ, დედინაცვალი გავიღვიძებ.
სადმე დამრჩება, ვეუბნები, ჩემი თავივით სადმე დამრჩება.
ვინმეს ერთ ყლუპ ძილში გავუცვლი,
ერთ ნამცეც სიზმარში გადავუცვლი.
სად მოვაგროვო მისთვის სამყოფი სიყვარული,
იმდენიც აღარ დამრჩა, ზამთარში ბეღურებს დავუყარო.
ჩემი თვალები რომ გამოყვეს, ხომ შემომხედავს და მომკლავს.
ისედაც კვდები, მეუბნება,
აკვანი დაარწიე,
ზიხარ და საფლავებს არწევ.
წინ ზამთარია, მეუბნება, ხანდახან ვინმემ ხომ უნდა გაგათბოს.
ზამთარი სულ არის, დედი. არავინ არავის ათბობს.
ზამთარი სულ არის, ნახე,
რამდენი თოვლია ყვავილებში.
თუ გავაჩენ, დედი, თუ გავაჩენ,
თავი ას ნაწილად გამისკდება.
ერთზე ნაკლები უნდა გავაჩინო,
ერთი ადამიანი ბევრია მეტისმეტად.
ალბათ რამდენჯერმე უნდა გავაჩინო,
ერთხელ დაბადებული არავინ გადარჩება.
ცოცხალი არ უნდა გავაჩინო,
ცოცხლად გაჩენილი ყველა კვდება.
აბა რაღას მოვასწრებ, დედი, აბა ახლა რაღას მოვასწრებ,
ჩემი ბოლო შემოდგომაა,
უკანასკნელი მერცხლები გაფრინდნენ.
შემოდგომაა შენი დარდი,
ზამთრისწინა გაბმული წვიმა.
შემოდგომაა ეს ლაპარაკი, დამჭკნარი სიტყვების ფოთოლცვენა.
ხის ტოტზე ვზივარ, ველოდები, ქარი ამოვარდეს,
ხელი დაგიქნიო, ავდგე, გავფრინდე.
ავდგე, გავფრინდე
ჩემი ბოლო შემოდგომიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი