წადი, ბებიაშენი ნახე ..


წადი, ბებიაშენი ნახე, თორემ მოკვდება.
დედაჩემმა მითხრა.
ბებიაჩემი დედაჩემის დედაა.
მესაზღვრეა: ცის და მიწის საზღვარს იცავს.
დილა-საღამოს ლეკეთის მთებს გაჰყურებს.
შუადღეებზე სახურავჩაბრეცილი სახლის წინ ჩრდილივით ზის და ხედავს, როგორ დააფრიალებს მის სხეულს ქარი წლობით გაუთიბავ მინდვრებში.
ხბოებს კოცნის შუბლზე. ისე კოცნის, როგორც შვილიშვილებს.
შვილიშვილები სხვა მინდვრებში დადიან და ყოველთვის ცდებიან მისი სახლისკენ მიმავალ ბილიკს.
რა გასაკვირია: იმდენი ბილიკია ერთმანეთში გადახლართული, როგორ უნდა იპოვო ის, რომლის ბოლოშიც ბებიაშენი ზის და ხბოებს კოცნის შუბლზე.
მისი სახლი ისეთია, თუ არ დაბერდი, არ შეგიშვებს.
ხევს გაღმა პაპაჩემის საფლავია.
სადღაც აქვე მარხია დედაჩემის ბავშვობა.
ზურგჩანთაში თბილ ტანსაცმელს ჩავაწყობ და წავალ.
ხელებს რომ შემოვხვევ, დაკემსილი ნაქსოვი ჯემპრის ქვეშ იქნება კიდევ რამდენიმე ჯემპრი. ჯემპრების ქვეშ თითქმის აღარაფერი.
მისი სხეული ჩემში უფრო მეტია უკვე, ვიდრე მასში.
საღამოს სახლის წინ დავჯდები და ლეკეთის მთებს გავხედავ.
დაღამდება და ტყე ეზოში შემოვა.
მთელ სოფელში სამი სახლიდან ამოვა კვამლი.
ვერ დავიძინებ და საკუთარ ძილს გამიყოფს ბებიაჩემი.
მეორე დილას ძალიან ვთხოვ და ტახტში ჩაკეცილ დედაჩემის სიზმრებს ამოალაგებს,
სულ პირველ სიზმრებს, ბატკნებით და ღიღილოებით,
საგზლად ჩამიწყობს და იმ ბილიკამდე გამომაცილებს,
დასაწყისი და დასასრული ერთად რომ აქვს.
ამ მიწაზე, ამ შავ მიწაზე ბებიაჩემი ცხოვრობს.
მისი ცხოვრება ისეთია, თუ არ დაბერდი, არ შეგიშვებს.
უკვე საკმარისად ბებერი ვარ, შემიძლია მივიდე.
წადი, ბებიაშენი ნახე, თორემ...
დედაჩემმა მითხრა.
ბებიაჩემმა დედაჩემი გააჩინა, დედაჩემმა - მე.
მე არავინ გამიჩენია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი