ჩვენ გვყავდა ძაღლი ..


ჩვენ გვყავდა ძაღლი.
ჰქონდა დიდი თავი, დიდი ფეხები და დიდი ბეწვი.
ასეთი ძაღლები ჰყავდათ მეცხვარეებს.
ჩვენ არ ვიყავით მეცხვარეები. ვცხოვრობდით სოფლის შუაგულში,
გვედგა პანტა და კაკალი
და რამდენიმე ვაშლის ხე ეზოს ბოლოში.

ასეთ ძაღლებს უყვართ ზამთარი.
ავიდოდა სახურავიდან გადმოყრილი თოვლის გორაზე,
გაწვებოდა და უყურებდა სოფელს.
ღამღამობით უყეფდა მგლებს, დღისით უყეფდა ადამიანებს, -
ზოგჯერ არ უყვარდა ისინი. განსაკუთრებით ზოგიერთი მეზობელი.
ჩვენ კი ერთმანეთი გვიყვარდა.
დამადებდა მუხლებზე თავს,
დავადებდი ხელს თავზე
და მისი მძიმე თავი ყოველთვის იყო ჩემს პატარა ხელზე მსუბუქი.

გადიოდა წლები და უფუჭდებოდა ხასიათი.
სოფელში ამბობდნენ, რომ ჩვენი ძაღლი გაავდა
და საშიშია გავლა ჩვენს სახლთან, -
ღობე არც ისე მაღალია და შეიძლება გადახტეს.

მერე გადახტა.
ჯერ იყო სიჩუმე.
მერე სოფელი იდგა და გვიყეფდა ჩვენ
და თოვლიან ორღობეში ძაღლის ნაფეხურებს უყეფდა.

და სახლში თქვეს, რომ უკვე დროა.
მამაჩემმა აიღო თოფი,
ჩადო ორი ტყვია
და წაიყვანა ეზოს ბოლოსკენ.

გადის წლები და
ვუყურებ ადამიანებს სოფელში და სოფელს ადამიანებში
და ვხედავ ზამთარს.
ღამღამობით ვუყეფ მგლებს, დღისით ვუყეფ ადამიანებს.
მაღალი ღობე ჩემი თავის გარშემო
ზოგჯერ საკმარისად მაღალი არ არის.
სადაცაა ვინმე იფიქრებს, რომ უკვე დროა,
და სახურავიდან გადმოყრილი თოვლის გორაზე გაწოლილი ძაღლი
გადმოხტება იმ თავისი გრძელი სიმარტოვიდან.

მერე ზურგს უკან რჩება სახლი,
და ყველაფერი, რაც იცხოვრება.
და ჩემი ნახტომის სიჩუმეში დგება სოფელი,
და ყვირის, რომ მუხლებზე მიდევს ძაღლის თავი,
მკვდარი ძაღლის მოჭრილი თავი,
და არა ბავშვობა.
და არა სიცოცხლე.

და მე თვალებს ვხუჭავ და ვხედავ:
მამაჩემი იღებს თოფს,
დებს ორ ტყვიას
და მივყავარ ეზოს ბოლოსკენ.

იქ, სადაც გვიდგას ვაშლის ხეები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი