წადი, მოუარე დედაშენს ..
წადი, მოუარე დედაშენს, გოგო. განა მარტო შენ შეგეყარა შემოდგომის ყვითელი. გადამდებია ეს ოხერი. თვალების დასიება იცის, დარდის გასიება იცის, გულის გასიებაც იცის, გახეთქვამდე. დედაშენის თვალებიდან ადიდდა ის წყალი, ნაწილ-ნაწილ რომ ჩამოიტანა ის, რაც ივიწყე და ვერ ივიწყე. დედაშენის ტანშია ის შენთავობის ფესვი, რომ ძირკვე და ვერ ამოძირკვე. რიყედ გაფენილი ქვა-ღორღი რომ ხარ, მიწის ტირილი რომ ხარ, დედაშენის უბეში მთა მთაზე შემოდგა შენი ავადობისა. გეგონება მგლის ლეკვი გაეზარდოს, გულ-ძუძუ რომ დააგლიჯა და შავ ტყეს შეერია, იჯდეს და წლიდან წლამდე შენი შორი ყმუილი გველის წივილივით უვლიდეს ტანში. ცეცხლს ანთებდეს და შენკვალდაუკრავი თოვლი უქრობდეს, კარს აღებდეს და მგელიც აღარ შემოდიოდეს. ყვავის შავყრანტალი თუ ჩამოგიტანს ამბავს, რომ მოსავლელია დედაშენი. ეგეთი რა დაგიშავა, გოგო, ერთი ეგ არის, ეს ოხერი გადმოგდო, ეს სიცოცხლე, წადი და აპატიე, ეგ ერთი მოუვიდა, პირდაპირ ესეთი რო გაგაჩინა - ცოცხალი. ის მუხლებჩასაწყვეტი სიბერე ეგეთი რა უნდა იყოს,- წადი და კედელს შემოაწყვიტე, მიწიდან ამოგველდა და მიწაში ჩააძვრინე. მიუჯექი და იავადეთ, - შენ დედაშენი გჭირდეს, იმას - თავისი არდასარჩენი შვილი. ისხედით ესე, თქვენთავობაზე დიდხანს, ერთმანეთისგან აღარ გაირჩეოდეთ, ისხედით ესე, ყველა თვალმიწობაზე და შავღამობაზე უფრო, - სიკვდილზე უფრო გადამდები ავადობები, - აი ის როა, სიყვარული ჰქვია თუ რაღაც, - აეგენი, აეგეთები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი