ჩვენ ბევრი ვიდარდეთ ..


ჩვენ ბევრი ვიდარდეთ და ვიტირეთ ჩვენს ცხოვრებაზე.
ვწერეთ და ვილაპარაკეთ, რომ ყველაფერი არის ძნელი,
რომ არ არის გამოსავალი
და ასე შემოსაზღვრულები საკუთარი ხორცით და კანით
ვერ გადავალთ ერთმანეთში.
ვერ შევიყვარებთ.
და ყოველი ჩვენგანი
დაემსგავსა აკვარიუმს, რომელშიც უკანასკნელი თევზი მოკვდა.
ჩვენ ბევრი ვიცინეთ ერთმანეთზე
და ერთმანეთის ცხოვრებაზე,
და ვიცინეთ სიკვდილზე, რომელიც არაფერში გამოგვადგა,
რადგან არ იყო ჩვენი და ვისთანაც მივიდა, არც ის იყო ჩვენი.
ჩვენ ბევრი ვიყვირეთ, რომ ვერ ავაშენეთ კარგი ქვეყანა,
რომ მოვედით და არაფერი დაგვხვდა
გარდა ქვებისა, რომლებსაც ვისვრით
გარკვეული თუ გაურკვეველი მიმართულებით.
რომ ისე გვეზარება ერთმანეთი, როგორც მოსაწყენ სამსახურში წასვლა.
რომ ვერ ვისწავლეთ მოსმენა და რიგში დგომა
ღირსეულად, წესების დაცვით.
ვიყვირეთ, რომ ვერ ვისწავლეთ ვერაფერი, ყვირილის გარდა,
და როგორღაც ჩვენი სიცოცხლე
უბრალოდ გახდა კინკლაობა სიკვდილის რიგში.
ჩვენ ბევრი ვიტირეთ. ვიცინეთ და ვილაპარაკეთ.
გავჩეხეთ ერთმანეთი უადგილო ადგილას ამოსული ხეებივით,
რადგან ამ ხეებს დაუგრძელდათ ჩრდილები
და ვეღარ გავიხარეთ ერთმანეთის ჩრდილში,
და ვეღარ ვისუნთქეთ,
და ვეღარ ვიყვარეთ,
შემოგვაცვდა ჩვენი მტირალი და მყვირალი და უფერებელი თავები
და შევედით ჩვენი დარდის სიღარიბეში,
როგორც უდროო სიბერეში.
მაგრამ ახლა შეგვიძლია ვიცხოვროთ მშვიდად.
და ვისუნთქოთ თავისუფლად.
ვიყოთ ბედნიერები,
გავიჩინოთ ახალი თევზები,
და კიდევ შევიყვაროთ,
რადგან პარლამენტმა მიიღო დადგენილება:
ჰიმნის შესრულების დროს
ქუდის მოხდა
სავალდებულო აღარ იქნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი