წუხელ დამესიზმრა კაცი ..


წუხელ დამესიზმრა კაცი, რომელიც ალბათ მიყვარდა. 
დამესიზმრა, რომ იძებნებოდა რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო. 
ყველა მათგანი იყო ქალი. 
და ყველა თვითმკვლელობა იყო სასტიკი და შემზარავი. 
ქუჩებში გაეკრათ პლაკატები მსხვერპლთა დაჩეხილი სხეულების გამოსახულებით 
და ვერაფრით იფიქრებდით, რომ ამ სხეულებს ჰქონდათ სახელები 
და მათში ოდესღაც იყო რაღაც სულისმაგვარი. 
მე დავდიოდი და ვეძებდი ჩემს თავს თვითმკვლელთა შორის, 
და რამდენჯერმე ამოვისუნთქე შვებით, რომ ეს მე არ ვარ,
ეს არ არის ჩემი სხეული. 
გამოეკრათ კაცის ფოტოები წარწერით: 
"მკვლელი".
დავდიოდი და ვფიქრობდი, რომ ვერ იპოვიან: 
ყველა ფოტოზე განსხვავდება საკუთარი თავისგან, 
უბრალოდ, კაცია, 
და აქვს ათასი სხვა კაცის სახე, რომლებიც ამბობენ, 
რომ ყველა თვითონ იჩეხავს სხეულს. 
მე ვიფიქრე, რომ ჩამოვხსნი ერთ ფოტოს, 
წავიღებ სახლში, 
და წარწერას "მკვლელი" თავზე წავაწერ: 
არ იძებნება. 
მერე გავიღვიძე. 
ჩემი სხეული იყო ცოცხალი და სულით გამოტენილი. 
ჩემი სახელი ჩემთან ერთად მივიდა ონკანთან წყლის მოსაშვებად, 
ისე, როგორც ყველა, ვისი დაჩეხვაც დაწყებულია 
და ამ ამბავს წყალს თუ გაატანს.
ისე, როგორც ყველა, 
ვინც პლაკატიდან თუ იყვირებს უსახო და უსახელო სხეულით, რომელიც ყველას სხეულია, 
ვინც გაიღვიძა და ვინც სამუდამო ძილში დარჩა, 
ვინც შეიყვარა და ვინც ისე შეიყვარეს, 
სიზმარ-სიზმარ ეძებნა თავი. 
წყალი მოვუშვი, 
და ვიფიქრე, რომ მოყოლას აზრი არ აქვს: 
არასოდეს იძებნება მკვლელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი