ლეგნია
აქ ჩემი დედობილი ძროხა ცხოვრობდა. ლეგნია ერქვა. ცხოვრობდა დიდი ხნის წინ. იმდენად დიდი ხნის წინ, ალბათ სწორი იქნება ვიფიქრო, რომ დავბერდი. მითხრეს, რომ მისი რძით გავიზარდე. ჰქონდა მსხვილი ძვლები, ყველა ძროხაზე განიერი მუცელი, ყველა ძროხაზე დარდიანი თვალები, და საკუთარი, სხვებისგან იზოლირებული კუთხე ძროხების სადგომში. ოთხი დღეა სტუმრად ვარ სახლში, სადაც დავიბადე. ოთხი დღეა გადაუღებლად წვიმს. ვჯდები ცარიელი საძროხის წინ, ვუყურებ ნაწვიმ ჭინჭარს და დიყს, ვბერდები, და ვფიქრობ შავ, დიდმუცლიან ძროხაზე. აქამდე არ გამხსენებია. არ მახსოვს, როდის დაკლეს. ალბათ ძნელად მოიხარშა მისი ხორცი. ალბათ ვჭამე. ახლა ვფიქრობ, რომ ცოტა ხნით მისი ხბო ვიყავი, და ეს ერთადერთი მოსაჭიდებელი ფიქრია ჩემი გაბმული წვიმების უკანასკნელ წვიმაში. ვზივარ. ოთხი დღეა ხმა არ ამომიღია. ზურგთან მიდგას ცარიელი გომურის ნეხვით გალესილი კედელი. ზოგჯერ მგონია, დაიხრება, მხრებზე შემომეხვევა. მორღვეული კარიდან შავი, დავიწყებული ძროხის ჩრდილი გამოდის. მგონია, მოვა, შუბლს ამილოკავს. მე ხბოსავით შევბღავლებ. გომურის თავზე საბძელია. ცარიელი, სახურავდახვრეტილი. თივას აქ აღარავინ ინახავს. ზოგჯერ ქათმები ძვრებიან კვერცხის დასადებად. ამ საბძელში ერთხელ მეძინა: ისე დავთვერი, საწოლამდე ვერ მივაღწიე. მეორე დღეს არაფერი მახსოვდა. სულ ასე გამოდის: რძეს სვამ. ხორცს ჭამ. ცხოვრობ. მერე არაფერი გახსოვს. აღარც საბძელია, სადაც კვერცხის დასადებად შეძვრები. გაუთავებლად წვიმს. შუა ზაფხულია, სქელ ჯემპრზე შალის ჟაკეტი მაცვია და მაინც ვერ ვთბები. ოთხი დღეა, ხმა არ ამომიღია. ვზივარ გომურის წინ და ვფიქრობ, რომ ჩემს ნამდვილ და გამოგონილ დედებს შორის ყველაზე მეტად ვგავარ ძროხას, რომლის რძითაც გავიზარდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი