ნუ ლაპარაკობ ამაზე, გოგო ..
ნუ ლაპარაკობ ამაზე, გოგო. დადიხარ ამბებით მუცელგამობერილი და უყვები ყველა შემხვედრს, თითქოს აგვისტოს ნათელი იდგეს და ყველაფერი შეიძლებოდეს. გაჩუმდი, გოგო. ნუ ლაპარაკობ იმ ღამეებზე, ახდილი სახურავებივით რომ გადარეკა ქარმა და შიშველი დაგტოვა. გაჩუმდი და რამე გადაიფარე. გააჩუმე შენი ხელები, წყლიდან ამოყრილი თევზებივით რომ თრთიან, როცა ყვები, როგორ კოცნიდი. ნუ ლაპარაკობ, რომ დაკბენილ მკლავებს მოიქნევ, და ეს გრძნობა ისეთია, თითქოს სადღაც თოვლი მოვიდა. დადიხარ და ლაპარაკობ შენს ღამეებზე ისე, როგორც ჭრიჭინები ყვებიან მინდვრებს დამთავრებული ზაფხულებიდან. ლაპარაკობ ისე, თითქოს ათასჯერ ნანახ სიზმარში წვები და მთელი ქვეყნის შენს ლოგინში შეთრევას ცდილობ. გაჩუმდი, გოგო. ნუ უყვები ყველა შემხვედრს, რომ უმწიფარი ბავშვის სხეული ერთ ზამთარში დაგიბერდა. ნუ ლაპარაკობ, რომ გაყვითლდი და ისე გახდი, რომ ნეკნებზე გადაჭიმული შარშანდელი შემოდგომიდან მისი პირველი შეხება გიჩანს. ნუ ყვები, რომ შენი სიტყვები ისე დამძიმდნენ, მასთან გასაგზავნ წერილებში ვეღარ ჩატენი. ნუ ყვები, რომ შენი ამბები ცეცხლზე დაყრილი ქვებივით დასკდნენ, ამოდუღდი და გადმოიღვარე. ნუ ლაპარაკობ, რომ მოყვავილე ცაცხვების მტვერში თავდაკარგული ფუტკარივით ერთ სურვილად გადაიქეცი. და თუ არ მოვა, არ იქნება, ადგები და გამოიგონებ. დადიხარ და ლაპარაკობ, საკუთარ დანაღმულ სიტყვებზე ფეთქდები. და იწელება შენი ჩრდილი – ლოდინის თოკი, ზედ გასაშრობად გაფენილი ფერადი პერანგივით ფრიალებ. თითქოს აგვისტოს ნათელი იდგეს, და იცოდე, რომ შენი მუცლიდან არაფერი დაიბადება. გადაიფარე რამე, გოგო, ხელები მუცელზე შემოიხვიე, და ნუ ლაპარაკობ ამაზე – სირცხვილია. ჩუ გოგო, ჩუ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი